დემოგრაფიული მაჩვენებელი

საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად 31 325 ბიჭი და 29 310 გოგო დაიბადა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა და 60 635 შეადგინა, მათ შორის 31 325 ბიჭი და 29 310 გოგოა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2014 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. 

საქსტატის ცნობით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა (მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა), ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1.8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი 1.7 პუნქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილმა უმნიშვნელოდ – 0.1 პუნქტით – მოიმატა. 

გარდა ამისა, 2014 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 42.6%-დან 40.7%-მდე შემცირდა. ასევე გასულ წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 24.5 წელი შეადგინა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა ოდენობას, 2014-ში 2013 წელთან შედარებით ის 1.1%-ით გაიზარდა და 49 087 შეადგინა. 

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, გარდაცვალების რიცხოვნობის მატება აისახა გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივ სტუქტურაში. მატება დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. კლება განიცადა ქალების 65-69 წლის და 75 წლის ზემოთ ასაკობრივმა ჯგუფებმა, ხოლო მამაკაცებში – 60-69 და 75-79 წლის ასაკობრივმა ჯგუფებმა. 

ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1000 ცოცხლად დაბადებულზე) 2014 წელს 9.5 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.6 პუნქტით ნაკლებია.

5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელს 10.9 პრომილე იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელმა 2013 წელს 13.0 პრომილე შეადგინა.

საქსტატისვე მონაცემებით, 2014 წელს ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 23.8 %-ით მოიმატა და 11 548 შეადგინა. 

2014 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა გურიის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. 

კომენტარები