პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრემიერი: პრეზიდენტი მთავრობას გაუმართლებლად, უსამართლოდ აკრიტიკებს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთელი მთავრობა და სახელმწიფო გუნდი მოწოდებულია, რომ "ყველა ინსტიტუტთან აბსოლუტურად დაბალანსებული, ჯანსაღი, კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეს". როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, "მე ეს არაერთხელ დამიფიქსირებია არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით". ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ "ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი, პრეზიდენტთან ურთიერთობის კუთხით რომ მომხდარიყო პოზიტიური წინსვლა, გაუმჯობესება და ყოველთვის მე ვაფიქსირებდი ამას - არამხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით". მისი მტკიცებით, ამის უამრავი ფაქტი და მაგალითი არსებობს.

"თქვენ, მინისტრებო, ეს ძალიან კარგად მოგეხსენებათ. როდესაც საუბარი იყო იმის თაობაზე, უნდა დაესწროს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, ჯერ კიდევ გასულ წელს, შეგახსენებთ, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა კოალიციაში და კოალიციის საერთო გადაწყვეტილება იყო, საერთო აზრი იყო, რომ ვინაიდან ჩვენ აღარ გვსურს პომპეზური იყოს ყველაფერი და ის ღონისძიება, რომელიც გაიმართა გუშინ და გასულ წელს, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ანუ ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით არ ჩაითვალა საჭიროდ მთავრობის დასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენ დავტოვეთ ძალაში და წელსაც, გადავწყვიტეთ, რომ მთავრობა უბრალოდ არ დაესწრება და არ იყო ამის აუცილებლობა - ვინაიდან ეს იყო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში" - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი აზრით, პრეზიდენტი მთავრობას უსამართლოდ აკრიტიკებს.

"ჩვენთვის ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და მაშინ ჩვენ ვისმენთ ჩემი აზრით, გაუმართლებელ, უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი და მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისათვის დრო და ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება... ამის ფუფუნება არ გვაქვს უბრალოდ, რომ დრო დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს" - თქვა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ მისთვის არასდროს მიუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან ინიციატივით.

"ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ჩემს მიერ განხორციელებული ზარების, შეხვედრების და ა.შ. არასოდეს კითხვა არ დასმულა, თუ რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო, უშლის თუ არა რომელიმე სამინისტროს მუშაობაში ხელს. გუშინ მოვისმინე ეკონომიკის მინისტრის, ვიცე პრემიერის განმარტება ამ საკითხზე. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რა მიზნით შევქმენით ეკონომიკური კაბინეტი, ეკონომიკური საბჭო და უსაფრთხოების საბჭო და კრიზისების მართვის საბჭო. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო და არა პრეზიდენტს. პრეზიდენტს რომ მოემართა კითხვით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე ამას მოვახერხებდით და მე მახსოვს, რომ ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ეს მოდელი ჩვენ გადმოვიღეთ ისრაელის სახელმწიფოდან, სადაც ისრაელის პრემიერმინისტრს აქვს მსგავსი ტიპის სათათბიროები, ბრიტანეთის პრემიერს აქვს, აშშ-ს პრეზიდენტს აქვს, სადაც ეკონომიკური საბჭოც არის, უსაფრთხოების საბჭოც არის, რომლებიც ერთმანეთში არის საკმაოდ მჭიდროდ გადაჯაჭვული. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე არის ამავდროულად ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილეც და ამაში რაიმე ახალი გამოგონება არ ყოფილა, პირიქით, მე შევეცადე, რომ კოორდინაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემექმნა საბჭოები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში, რეალურ დროში დააკვირდებოდა, ანალიზს გააკეთებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საგარეო რისკებს და იმ გამოწვევებს შეაფასებდა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ასევე სამინისტროებს დაეხმარებოდა ეფექტურ კოორდინაციაში" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

"აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის შენიშვნა თუ კრიტიკა მინისტრების მისამართით, პრეზიდენტის მხრიდან, რომ მინისტრები საბჭოს რიგით წევრებად ითვლებიან. უკაცრავად და ამ საბჭოებს ვხელმძღვანელობ მე, პრემიერმინისტრი და სადაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელია, იქ ბუნებრივია, მინისტრი იქნება რიგითი წევრი. ასე რომ აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება. და მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მათ შორის, პრეზიდენტს, რომ როცა საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, არ დაავიწყდეს არავის, რომ ასეთი საუბრებით სახელმწიფოს ვნებთ. და ჩვენ ვაკნინებთ ასეთი საუბრით ჩვენს მინისტრებს, მათ საქმიანობას " - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებენ სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური გამოსვლისას თქვა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში, ეკონომიკის განვითარება შეუძლებლად მიაჩნია.

კომენტარები