ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

ქანთარია საგამოძიებო უწყებებს: დაიწყეთ ანტიტერორისტული ღონისძიებები

ნუკრი ქანთარია - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
მეორე არხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაიწყონ ანტიტერორისტული პრევენციული ღონისძიებები. მან კომენტარი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ქანთარია თვლის, რომ ეს იმ ხალხის ნამოქმედარია, ვისაც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა არ სურს.

"ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ უმთავრესი მონაპოვარი იყო და არის თავისუფალი გარემოს შექმნა, ცხოვრება შიშის გარეშე. მაგრამ როგორც ჩანს, შიშის გარეშე ცხოვრება დაიწყეს ზოგიერთმა ბოროტმოქმედებმაც. ამ რამდენიმე დღის წინ კოზანოსტრას სტილში მოკლული, ადრე ნაწამები, დაზარალებული ბიზნესმენი გამოასალმეს წუთისოფელს. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ჩვენი ხელისუფლების, საზოგადოების და ყველა იმ დაზარალებული ბიზნესმენების მიმართ. შეიძლება, ეს მოკლედ ასე გადაითარგმნოს - "სამართლიანობა აღადგინეთ, კი, ბატონო, ოღონდ საიქიოში". ეს არის ძალიან მკვეთრი და ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ. დარწმუნებული ვარ, შსს და პროკურატურა დაუზარებლად იმუშავებს, რათა საქმე გაიხსნას. მაგრამ ამავე დროს მინდა, მოვუწოდო, რომ დაიწყოს მასშტაბური ღონისძიებები იმ ჯგუფების გამოსავლენად, რომლის თავშიც ასეთი სისასტიკე და ბოროტება ტრიალებს. არ ვიცი, სად არიან, სად იბადება ეს აზრები. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის გარკვეული ორგანიზებული ჯგუფები. საჭიროა, დაიწყოს ანტიტერორისტული პრევენციული ღონისძიებები. სპეცსამსახურებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ ადეკვატური პასუხი, იმიტომ, რომ ეს მიზანმიმართულია საზოგადოებაში პანიკის დათესვისკენ. ეს არის იმ ხალხის ნამოქმედარი, ვისაც მართლაც არ უნდა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა", - თქვა ქანთარიამ.

28 მარტს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში, გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

კომენტარები