მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება

მთავრობამ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის კანონპროექტები დაამტკიცა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტები დაამტკიცა. მთავრობის წევრებს კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წულუკიანმა მთავრობის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად განახორციელა.

"მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპზე ძირითადი აქცენტი კეთდება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებსა და სასამართლოს საქმიანობაში მის ჩართულობაზე, კერძოდ:

მკაფიოდ ჩამოყალიბდება მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები. კანონში მიეთითება, რომ არავის აქვს უფლება, მიუთითოს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.

საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები. ძირითადი კრიტერიუმი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა იქნება. მოსამართლედ გამწესებაზე უარის მიღების შემთხვევაში, კანდიდატებს შეეძლებათ, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება. მოსამართლედ დანიშვნა მოხდება მხოლოდ კონკურსის წესით, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და თავმჯდომარეების მოადგილეებს კი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ.

შემოღებული იქნება საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი. საქმეები რიგითობის წესით, ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება.

მოწესრიგდება მოსამართლეთა მივლინების პროცედურა. მივლინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით; რათა ამგვარ მივლინებებს აღარასდროს ჰქონდეს „ურჩი" მოსამართლეების დასჯისა და ხელმძღვანელობის მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელი მოსამართლეების წახალისების ხასიათი.

დაიხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები. თავმჯდომარე აღარ იქნება უფლებამოსილი, აღძრას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა. ამ ფუნქციას შეითავსებს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

გაიზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. საბჭო ვალდებული იქნება, საბჭოს ვებგვერდზე განათავსოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს შემადგენლობის ცვლილებასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, აგრეთვე, ინფორმაცია მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ.

გაფართოვდება საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები იმ კუთხით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნოს საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, თუ იგი წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნება ნებისმერ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენას", - იუწყება სამინისტრო.

უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტს მაღალი შეფასება მისცა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ. მის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და მოსაზრებების დიდი ნაწილი გაზიარებულ იქნა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პაკეტში.

კომენტარები