ოკუპირებული ტერიტორიები

შანავა: მარგველაშვილის გამოსვლას სოხუმში დადებით გამოხმაურება არ მოყვება

საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გამოიწვევს დადებით გამოხმაურებას სოხუმში მანამ, ვიდრე აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს მიდგომა დაფუძნებული იქნება მოძველებულ შეხედულებებზე, - ასე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის საექსპერტო სამმართველოს თანამშრომელი თემურ შანავა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მარგველაშვილის თქმით, სადავო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც საქართველოს მხრიდან სრული მზაობა არსებობს.

შანავას განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოითხოვს საქართველოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს დიალოგს აზრი.

"სანამ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს თვალის დახუჭვას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მოცემულ რეალობაზე, აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ფაქტს და გაატარებს აფხაზეთის იზოლაციიასკენ მიმართულ პოლიტიკას, საეჭვოა, მოსალოდნელი იყოს დადებითი რეაქციები აფხაზურ საზოგადოებაში მსგავსი ტიპის განცხადებებზე", - განაცხადა შანავამ.

შანავას თქმით, მსგავსი განცხადებები კონკრეტული საქმეებით უნდა იყოს გამყარებული. მისი აზრით, თუ ქართულ მხარეს მშვიდობიანი გზით სურს კონფლიქტის მოგვარება, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, ეს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტუროს.

კომენტარები