ირანის ბირთვული პროგრამა

ექვსეულსა და ირანს შორის წინასწარი შეთანხმება მიღწეულია

thehackernews.com

მოლაპარაკება შვეიცარიაში ირანის ატომური პროგრამის თაობაზე წარმატებით დასრულდა. ირანი და ე. წ. ექვსეული ირანის ატომური პროგრამის შეკვეცაზე და ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების თანდათან გაუქმებაზე შეთანხმდნენ. მიღწეული წინასწარი შეთანხმების თაობაზე განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთეს.

"დღეს სწორი ნაბიჯი გადავდგით. მივიღეთ გადაწყვეტილება საერთო სამოქმედო გეგმის ყველა პარამეტრის თაობაზე. ეს შესაძლებელი გახდა ყველა მხარის კეთილი ნებისა და შრომისმოყვარეობის შედეგად. ყველა დელეგაცია მადლობას იმსახურებს. შეთანხმების მიხედვით, ირანი მშვიდობიან პროგრამას გააგრძელებს, თუმცა ურანის გამდიდრების დონე და მარაგები ლიმიტირებული იქნება", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

ექვს ქვეყანას, რომლებიც ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ - შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და ჩინეთს იმედი აქვთ, რომ საბოლოო შეთანხმება შეუძლებელს გახდის ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნას და ბოლოს მოუღებს კრიზისს, რომელიც 12 წელი გრძელდებოდა. ჩარჩოშეთანხმებას ხელი 30 ივლისამდე უნდა მოეწეროს.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, ირანი 2/3-ით შეამცირებს ურანის გამდიდრებისთვის გამოყენებული ცენტრიფუგების რაოდენობას და დაბალგამდიდრებული ურანის მარაგებს შეკვეცს. გამოუყენებელი ცენტრიფუგები საწყობში განთავსდება, რომელსაც გაეროს ატომური სააგენტო გააკონტროლებს. სააგენტო ირანის ყველა ატომურ ობიექტს რეგულარულად შეამოწმებს. ირანი ასევე გადააკეთებს საკუთარ რეაქტორს იმ მიზნით, რომ ატომური იარაღისთვის პლუტონიუმის წარმოება ვერ შეძლოს. ევროკავშირი და შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციებს ნაბიჯ-ნაბიჯ გააუქმებენ, თუმცა თუ ირანი თავის ვალდებულებებს დაარღვევს, ისინი აღდგება.  

"დღეს იმის თქმა შემიძლია, რომ ის დეტალები, რაზეც შევთანხმდით, არის მყარი საფუძველი კარგი შეთანხმებისთვის, რომლის მიღწევას ჩვენ ვცდილობთ. რომლის თანახმად, ირანი შეამცირებს გამდიდრებულ ურანის მარაგებს 98%-ით 15 წლის განმავლობაში", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით კი, "როდესაც ჩვენი შეთანხმება ბოლომდე შესრულდება, აღარ იარსებებს სანქციები ირანის წინააღმდეგ. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. დღეს ჩვენ დავარღვიეთ ციკლი, რომელიც არ პასუხობდა არავის ინტერესებს, არ პასუხობდა ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ინტერესებს. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის დასრულებით ვაჩვენებთ, რომ ჭეშმარიტი დიალოგით და თანამშრომლობით პრობლემების მოგვარება შესაძლებელია".

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიღწეულ შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ირანის მიერ ვალდებულებების შესრულებას ყურადღებით შეამოწმებენ.

"დღეს შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ირანთან. თუ ის ბოლომდე შესრულდა, ეს ხელს შეუშლის ირანს ატომური იარაღის შექმნაში. როგორც პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებაზე და დარწმუნებული ვარ, თუ მიღწეულ იქნება სრული და ყოვლისმომცველი შეთანხმება, ეს ჩვენს ქვეყანას, მოკავშირეებს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

შვეიცარიაში მიღწეულ შეთანხმებას ირანის პრეზიდენტი მიესალმა. ხალხი კი სიხარულს თეირანის ქუჩებში გამოხატავდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახალი შეთანხმების შესახებ ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერს, რომელიც ირანთან შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ბინიამინ ნეთანიაჰუმ ობამას განუცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება ისრაელის არსებობას ემუქრება.

რუსეთმა კი შეთანხმების მიღწევის შემდეგ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს სასწრაფოდ მოხსნა მოითხოვა. განცხადება ამის შესახებ ლავროვის მიადგილე სერგეი რიაბკოვმა გააკეთა.

კომენტარები