პასექის დღესასწაული

ებრაელები პასექის, უფუარობის დღესასწაულს აღნიშნავენ

პასექი
timeanddate.com

დღეს, 3 აპრილს დაიწყო და 11 აპრილს დასრულდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ებრაული დღესასწაული - ფესახი, იგივე პასექი. ფესახი ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა გამოხსნის დღესასწაულია, სხვაგვარად ის უფუარობის დღესასწაულადაც მოიხსენიება. ხუთწიგნეულში ვხვდებით მოწოდებას: "დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად" (გამოსვლა 12; 17).

ეგვიპტიდან ებრაელთა გამოხსნას იუდეო-ქრისტიანული ტრადიცია მოსე წინასწარმეტყველს უკავშირებს. ტრადიცია მოგვითხრობს, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთმა ეგვიპტელებს პირველშობილები წაართვა, ფარაონმა ებრაელებს, მოსეს მეთაურობით ნება დართო ეგვიპტე დაეტოვებინათ. ყოფილი მონები ისე ჩქარობდნენ, რომ ცომს საფუარს აღარ უკეთებდნენ და ხმიადებს აცხობდნენ. ასე გაჩნდა ფესახის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი - ხმიადი მაცა. "პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს უფლის პასექია. ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ", - ნათქვამია ლევიანთა წიგნში.

პასექი სამ პილიგრიმულ, მომლოცველობით დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ.

რადგან ხუთწიგნეულის მიხედვით, ღმერთმა ებრაელები გააფრთხილა დაეკლათ ბატკანი და მისი სისხლით დაენიშნათ სახლები, ებრაული კალენდრის ნისანის თვის 10-ში ბატკანს საგულდაგულოდ არჩევენ, 14-ში დაკლავენ და 15-ში საღამოს მიირთმევენ. შემდეგ კი ნასუფრალს წვავენ, მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად.

კომენტარები