პრემიები სასჯელაღსრულების დეპარტამენტში

IDFI–ს სარჩელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ დაკმაყოფილებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი, რის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გასცეს IDFI-ის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის მაისამდე თანამდებობის პირებსა (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) და სხვა თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით; ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები; უწყების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები; ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ და სხვა (სულ 11 მოთხოვნა).

IDFI-ის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ მოთხოვნით IDFI-მ ჯერ კიდევ წინა წლის მაისში მიმართა.

„მიუხედავად ამისა, დღემდე ვერ მოხერხდა მოთხოვნილ ინფორმაციის მიღება. თავდაპირველად სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უპასუხოდ დატოვა ჩვენი მოთხოვნა. ამის შემდეგ უმოქმედობა გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესით, ხოლო როდესაც არც აღნიშნულს მოყვა რაიმე შედეგი IDFI-მ საკუთარი უფლებების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამრთლოს მიმართა. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ ჩვენი სარჩელი 9 თებერვალს დააკმაყოფილა, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხოლოდ აპრილის დასაწყისში ჩაგვბარდა“, - წერია განცხადებაში.

კომენტარები