ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია

აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის ეკლესიამ შესაძლოა სამომავლოდ ეპისკოპოსი აკურთხოს

0 კომენტარი
აფხაზი სქიზმატები მოსკოვის საპატრიარქოში ფოტო: sedmitza.ru

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვის პატრიარქ კირილს შეხვდა, აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესიამ შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომავალში ეპისკოპოსი დანიშნოს. ადგილობრივი პრესის ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ე.წ-მა დეპუტატმა ვიაჩესლავ აგრბამ განაცხადა. აგრბა აცხადებს, რომ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელთა მიღებისას, თხოვნას, მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსი ეკურთხებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კირილი „გაგებით შეხვდა" და განაცხადა, რომ აფხაზეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი, ადგილობრივ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

ე.წ დეპუტატის თქმით, ამ სამომავლო პერსპექტივისთვის ჯერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საეკლესიო სქიზმის აღმოფხვრაა საჭირო: "ახლა აუცილებელია მოვნახოთ დაპირისპირებულ სასულიერო პირთა ჯგუფებს შორის შეირგების გზები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეა განწყობილი პრეზიდენტი. როგორცვე ამას მივაღწევთ, შესაძლოა წარმოიქმნას საერთოდ განსხვავებული სიტუაცია და გაჩნდეს ახალი პერსპექტივები ჩვენი ეკლესიის ცნობისთვის", - განაცხადა აგრბამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების, მათ შორის რუსეთის ეკლესიის ოფიციალური აღიარებით, აფხაზეთის ეპარქია უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის" ტიტულსაც ატარებს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომელთა უმრავლესობაც რუსეთის ეკლესიაშია ნაკურთხი, ორად არიან გაყოფილები. ერთი ჯგუფი წირვისას რუსეთის პატრიარქ კირილს მოიხსენიებს, მეორე ნაწილი კი, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს. აფხაზ სასულიერო პირთა შორის არ არის ეპისკოპოსი, რაც აუცილებელია სრულყოფილი საეკლესიო ცხოვრების, მათ შორის მღვდლადკურთხევის საიდუმლოს აღსასრულებლად.

აფხაზეთის ეპარქიაში ოკუპაციის შემდეგ დარჩენილმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, რამდენიმე წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სქიზმის გამოცხადებას ამჯერადაც არ უპასუხა მათთვის მღვდელმოქმედების შეჩერებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები