პოლიციელის მკვლელობა

შსს-მ პოლიციელის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო ნივთმტკიცებულებები აღმოაჩინა

ხატია ღოღობერიძე / tabula.ge

ისან-სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად პოლიციელებმა სავარაუდო ნივთმტკიცებულებები - ტანსაცმელი, ტყვიები აღმოაჩინეს.

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ძებნა კვლავაც მიმდინარეობს.

კალოუბნის ქუჩაზე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.  არსებული ინფორმაციით, პოლიციელის სავარაუდო მკვლელმა გუშინ პოლიციელების დაჭრის შემდეგ სწორედ ამ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაიარა, რის შემდეგაც უკვე ავტობაზრობის ტერიტორიაზე ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით იქ რამდენიმე ტყვიაა ნაპოვნი.

შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

კომენტარები