პრეზიდენტის მოხსენება

პრეზიდენტის ინსტიტუტი და საპარლამენტო მოხსენების ტრადიცია

31 მარტს, პრეზიდენტმა დეპუტატებსა და მოსახლეობას ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება წარუდგინა. გასული წლისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ახალი - დამოუკიდებელი და უპარტიო პოლიტიკოსის იმიჯით წარდგა. განსხვავებული იყო მარგველაშვილის პოლიტიკური გზავნილებიც; პრეზიდენტმა ღიად და მწვავედ გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობა.  

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უკვე ტრადიციად ქცეული დაპირისპირება არც ამ შემთხვევაში დარღვეულა; პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღზე შეუთანხმებლობას თან მთავრობის დასწრება-არდასწრების საკითხზე წარმოქმნილი აზრთა სხვადასხვაობა დაერთო, ბოლოს კი პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე არსებული გაურკვევლობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის მიმდინარე თითქმის ორთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, არჩევანი საბოლოოდ 31 მარტზე შეჩერდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობამ დასწრებაზე კვლავ უარი განაცხადა. პრეზიდენტის გამოსვლას კი, დებატების ნაცვლად, საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლები მოჰყვა.

შედეგად, მარგველაშვილის მოხსენება მისი წინამორბედების გამოსვლებთან შედარებით გაცილებით უფრო მოკრძალებულად წარიმართა. თუ აქამდე პრეზიდენტის პარლამენტში მისვლას, ყველა პოლიტიკური მოთამაშე მიიჩნევდა ქვეყნისა და საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად, სამთავრობო კაბინეტმა, მოხსენების „სიმბოლურობის“ საბაბით, უკვე მეორედ დაარღვია ორი ათეული წლის წინ დამკვიდრებული ტრადიცია.

პირველი საპარლამენტო მოხსენება 1994 წელს შედგა. მაშინ, პარლამენტს პარლამენტისვე თავმჯდომარემ და სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მიმართა. მოხსენებები მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და 1997 წლიდან ოფიციალური ხასიათი მიიღო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა კონსტიტუციის მოთხოვნა გახდა. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც: 2003 წელს, გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოხსენება არ წარუდგინა. იმავე მიზეზით, 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოუწია მიმართვის გაკეთება.

დროთა განმავლობაში, იცვლებოდა მოხსენებების ფორმატი, ხანგრძლივობა, გამოსვლების ხასიათი. გაიზარდა მოხსენებების პოლიტიკური დატვირთვაც. საპარლამენტო მოხსენებების ინსტიტუტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 2000-იანი წლებიდან - მოხსენებებზე ჩნდებიან საქართველოს პატრიარქი, სინოდის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები. შედეგად, პრეზიდენტის მოხსენებების ინსტიტუტი საშინაო და საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევების შეჯამების და გეგმების გახმოვანების უმთავრეს პოლიტიკურ არენად გადაიქცა. 

„ყველას“ პრეზიდენტის მოხსენება

კოაბიტაციამ და კონსტიტუციური წყობის ცვლილებამ საპარლამენტო მოხსენებების ინსტიტუტი მნიშვნელოვნად შეასუსტა. პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირებამ, ჯერ მიხეილ სააკაშვილი აიძულა, პრეზიდენტის სასახლიდან გაემართა თავისი უკანასკნელი საპარლამენტო მიმართვა, ხოლო შემდეგ გიორგი მარგველაშვილი დატოვა მსმენელების მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტ მარგველაშვილის 2015 წლის საპარლამენტო გამოსვლამ გასული წლის მოხსენებასთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. ამის მიზეზი კი, ბოლო თვეებში დამკვიდრებული ახალი პოლიტიკური გარემოა. გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია მმართველი კოალიციის რეიტინგი. შეთხელდა მისი საპარლამენტო მანდატების რაოდენობა. ამ ყველაფრის ფონზე კი, მარგველაშვილის პოპულარობა სულ უფრო მეტად იკრებს ძალას.

ბუნებრივია, ახალი პოლიტიკური გარემო პრეზიდენტის მოხსენებაზეც აისახა. მაშინ როდესაც შარშანდელ გამოსვლაში მარგველაშვილი პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე ჯერ კიდევ ქართული ოცნების წევრ პოლიტიკოსად წარდგა, წელს ნათლად გამოჩნდა მისი ახალი - დამოუკიდებელი და უპარტიო - „ყველას“ პრეზიდენტის იმიჯის დამკვიდრების სურვილი. შედეგად, მარგველაშვილის მოხსენებამ უფრო კონკრეტული თემები და საგრძნობლად მეტი კრიტიკა დაიტია.

პრეზიდენტის პოლიტიკური გზავნილები

პრეზიდენტმა გამოსვლა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და ვრცლად მიმოიხილა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. მოხსენების თანახმად, სრულად და უკეთ ასათვისებელია ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პოტენციალი. ამავდროულად, გასაღრმავებელია სავაჭრო ურთიერთობები როგორც სამეზობლოსთან, ისე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან. პრეზიდენტი ეკონომიკური პროგნოზირების სისტემის საჭიროებასაც შეეხო და ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების აუცილებლობას. მარგველაშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობა და ქართულ ოცნებას მათივე წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობის შესახებ. პრეზიდენტმა ეკონომიკურ უწყებებსა და ინსტიტუტებში ფუნქციათა დუბლირებისა და გაფანტვის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროების პარალელური საბჭოების არსებობა, მართვის პროცესის გაჭიანურებასა და არაეფექტიანობას განაპირობებს.

მოხსენების საგარეო-პოლიტიკური ნაწილი ქვეყნის საერთაშორისო როლზე საუბარს შეეხო. პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემატიკის წარმოჩენის აუცილებლობა და ამისათვის ერთიანი ძალისხმევის გაწევის საჭიროებაა. პრეზიდენტი ღია კრიტიკას არ მოერიდა რუსეთის მიმართაც. მაშინ როდესაც გიორგი მარგველაშვილი 2014 წლის მოხსენებაში რუსეთზე საუბრისას გაცილებით უფრო ნეიტრალური იყო და ყურადღებას დიალოგის გაგრძელების საჭიროებაზე ამახვილებდა, 2015 წლის მოხსენება რუსეთისადმი მძაფრი კრიტიკით გამოირჩეოდა. მარგველაშვილის თქმით, რუსეთის ქმედებები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ამ სამი ქვეყნის „დასჯაა“ მათი ევროპული არჩევანის გამო. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა ევროატლანტიკური დღის წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ და დასძინა, რომ რუსეთის „რბილ ძალასთან“ გასამკლავებლად საჭიროა პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა. მან უკმაყოფილება გამოთქვა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ტემპის და ეფექტიანობის თაობაზეც.

გიორგი მარგველაშვილმა საგარეო-პოლიტიკურ სფეროში ფუნქციათა გაორების თაობაზეც ისაუბრა და მაგალითად ახლადშექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო მოიყვანა. მარგველაშვილის აზრით, სამინისტროების პროფილის საბჭოების თანაარსებობა წარმოშობს კითხვას, თუ ვინ არის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირი. პრეზიდენტის თქმით, განსასაზღვრია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატიც და მოსახდენია მის საქმიანობათა თანხვედრა ერთიან საგარეო პოლიტიკასთან. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული უშიშროების საბჭოს, როგორც უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში გადაწყვეტილების შემმუშავებელი ინსტიტუტის როლზეც და წუხილი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა „ხელოვნური ხასიათის დაბრკოლებებს“ ხვდება.

მოხსენების ბოლოს, პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესახებ. აღნიშნა, რომ კითხვები უნდა მოიხსნას პროკურატურის პოლიტიზებასთან დაკავშირებით და ქართულ ოცნებას კვლავ მისი წინასაარჩევნო პროგრამის დაპირებები შეახსენა. იმავე ხერხს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხზეც: პრეზიდენტის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გამოეყოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და ის სამოქალაქო სამსახურად უნდა გარდაიქმნას. პრეზიდენტის განცხადებით, ის ასევე უჭერს მხარს გენდერული ნიშნით კვოტირების სისტემის დანერგვას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლას.

პრემიერის პასუხი პრეზიდენტის კრიტიკაზე

მარგველაშვილის მოხსენებას ღარიბაშვილის მთავრობის სწრაფი გამოხმაურება მოჰყვა. საპასუხო განცხადება თავად პრემიერმა გააკეთა და კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს მთავრობის საჯაროდ გაკრიტიკების გადაწყვეტილება დაუწუნა და მის განცხადებებს „გაუმართლებელი“, „გაუგებარი“ და „უსამართლო“ უწოდა.

პრემიერმა გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ პრეზიდენტს „არასადროს მოუმართავს რაიმე კითხვით“ იმის თაობაზე, თუ როგორ ფუნქციონირებენ მთავრობა ან მისი საბჭოები და სააგენტოები. ღარიბაშვილის განცხადებით, საბჭოები კოორდინაციის გაზრდის მიზნით შეიქმნა და რამდენიმე წარმატებული სახელმწიფოს გამოცდილებას დაეფუძნა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის და NATO-სთან ურთიერთობის საკითხები მთავრობის უფლებამოსილებას წარმოადგენს და მათ „კომპეტენციებში არცერთი ორგანო არ უნდა ჩაერიოს უხეშად, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი“. პრემიერმა მსგავსი არგუმენტი მოიშველია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შესახებ საუბრისას და განაცხადა, რომ  ყველა სახის კრიზისის მართვა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პრემიერმინისტრის კომპეტენციაში შედის.

პოლიტიკური პინგპონგის ეს ტაიმიც მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა: ღარიბაშვილის მთავრობამ კვლავ უგულებელყო პრეზიდენტის ინსტიტუტი; არ დაესწრო საპარლამენტო მოხსენებას და არც მარგველაშვილის მოსაზრებები გაიზიარა. თავის მხრივ, არც გიორგი მარგველაშვილი აპირებს საკუთარი პოზიციის იოლად დათმობას; ხალხის მანდატით და მზარდი პოპულარობით აღჭურვილი პრეზიდენტი მთავრობის უფრო ღია და გაბედულ კრიტიკოსად მოგვევლინება. ეს ყველაფერი კი იმას მომასწავებელია, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება ახალ, უფრო მძაფრ ფაზაში შევიდა. პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში მოქცევა კი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული. თუ როგორ პოლიტიკურ სიმწიფეს გამოიჩენენ დაპირისპირების მხარეები.

კომენტარები