პოლიციელის მკვლელობა

ფოფხაძე: აბულაძე აღარ ტოვებდა საზოგადოებისთვის საშიშის შთაბეჭდილებას

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე "საზოგადოებისთვის საშიშის შთაბეჭდილებას აღარ ტოვებდა". ფოფხაძე პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის წევრი იყო, რომელმაც აბულაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლა.

"შალვა აბულაძეს, როგორც მახსოვს, საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდა სასჯელი მოხდილი. აბულაძე 8 წელი იჯდა ციხეში და მოსახდელი სასჯელი ცოტა ჰქონდა დარჩენილი. მისი საკითხის განხილვა რამდენიმეჯერ მოხდა და ის აღარ ტოვებდა საზოგადოებისთვის საშიშის შთაბეჭდილებას, რაც შემდეგ სინამდვილეში მოხდა", - აცხადებს ფოფხაძე რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის 23 ნოემბერს დატოვა. მას პირველი ამნისტია 2009 წელს შეეხო, შემდეგ კი, აბულაძეზე 2012 წლის საყოველთაო ამნისტია გავრცელდა, რა დროსაც, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა. შალვა აბულაძე სასჯელის დასრულებამდე 8 თვით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ "პერსონალურ მონცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დეტალური ინფორმაციის გაცემის უფლება სამინისტროს არ გააჩნია". კერძოდ, ტაბულას არ უთხრეს, რა დანაშაულებებისთვის იხდიდა სასჯელს შალვა აბულაძე.

კომენტარები