პოლიციელის მკვლელობა

ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის ტავერნა დაწვეს

metro.us

ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის ტავერნა დაწვეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს შეიარაღებულმა პირმა პოლიციელები ბექა მარგიშვილი და ვალერიან გრძელიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც პროკურატურა იუწყება, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და დადგენილია თავდამსხმელი პირის ვინაობა. ის 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, შალვა აბულაძე შეამჩნიეს თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცველების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან აბულაძე შეიარაღებულია; ასევე საზოგადოებას მიმართავს, თუ აქვთ ინფორმაცია აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

კომენტარები