პროკურატურის რეფორმა

შესაძლოა, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭომ დაამტკიცოს

იუსტიციის სამინისტრომ პროკურატურის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყების ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებს საპროკურორო საბჭოს შექმნას, რომლის თავმჯდომარეც იქნება იუსტიციის მინისტრი. საბჭოს მთავარი ფუნქცია იქნება მთავარი პროკურორის დანიშვნა, წინადადებების წარდგენა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

"როგორც ცნობილია, გასული წლის მიწურულს, იუსტიციის მინისტრს და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოს დაევალათ მუშაობა პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე. განვლილი პერიოდი ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ამ თემაზე. ჩავატარეთ ძალიან ფართო კვლევა სხვა ქვეყნებში არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის თაობაზე. დღეს შევაჯამებთ ამ კვლევებს და ასევე კონკრეტული მოდელით წარვდგებით, რომლის მიხედვითაც, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, უნდა განხორციელდეს ინსტიტუციური რეფორმაც საქართველოს პროკურატურის. კონკრეტულად, ეს ვარიანტი ითვალისწინებს საპროკურორო საბჭოს შექმნას, რომლის შემადგენლობაში იქნება 9 წევრი. რომლის თავმჯდომარეც იქნება იუსტიციის მინისტრი, იქნებიან პროკურორები, პარლამენტის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ამ საბჭოს მთავარი ფუნქცია იქნება მთავარი პროკურორის დანიშვნა, წინადადებების წარდგენა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები",- თქვა ბარამიძემ.

სამუშაო ვერსიის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში შევლენ: იუსტიციის მინისტრი − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; მთავარი პროკურორის მოადგილე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები; წევრი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილი კანდიდატებიდან და 3 პროკურორი, რომელსაც საქართველოს პროკურორთა კონფერენცია დაასახელებს. საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება.

საბჭოს ექნება უფლება, დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარადგინოს მთავრობისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.

ამავე სამუშაო ვერსიით, მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი; საბჭო ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარედგინება მთავრობას, შემდეგ კი − პარლამენტს. მისი უფლებამოსილების ვადა 6 წელია.

მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში. შემდგომ დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც ორი თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს დასკვნას, ჩაიდინა თუ არა მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის დანაშაული. თუკი დასკვნა ამ ფაქტს არ დაადასტურებს, მთავარი პროკურორის იმავე ქმედების გამო მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ხელმეორედ შეიძლება გაიტანონ საპროკურორო საბჭოზე მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას. მთავრობა, დანაშაულის სავარაუდო არსებობის დადასტურების შემთხვევაში, მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებზე, იმავე ორგანოში საკითხის დაყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ თუკი საპროკურორო საბჭო, მთავრობა ან პარლამენტი 6 თვის შემდეგ არ განიხილავს იმავე ქმედების გამო მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ან განიხილავს, მაგრამ არ დაუჭერს მხარს, საქმე დახურულად ჩაითვლება.

კომენტარები