დაკავებული სპეცრაზმელები

უტიაშვილი: სპეცრაზმელები უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი სასჯელის გარეშე

თეორემა/ტაბულა

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი სასჯელის გარეშე, რადგან, მისი თქმით, შეუძლებელია, სპეცრაზმელი მიღებული ბრძანების შესრულებისთვის გაასამართლო. უტიაშვილი შს მინისტრის დღევანდელ განცხადებას გაუგებარს უწოდებს.

"ბატონი გომელაურის განცხადება ცოტა გაუგებარია იმიტომ, რომ შეუძლებელია, სპეცრაზმელმა იმ მოკლე ვადაში, რომელიც მას აქვს ბრძანების შესასრულებლად, მოასწროს იმის გაანალიზება, რამდენად კანონიერია ან უკანონოა ბრძანება. ყველამ ვიცით, რომ ორწელიწად-ნახევარია პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო არჩევს იმას, კორტების სპეცოპერაციისას გაცემული ბრძანება კანონიერი იყო თუ უკანონო და ორწელიწად-ნახევარი არ აღმოჩნდა ამისთვის საკმარისი, რომ ეს დადგენილიყო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიციელი, რომელსაც იარაღი უჭირავს ხელში და, სავარაუდოდ, ასევე იარაღშემართული დამნაშავის პირისპირ დგას, შეძლებს, გაარჩიოს, აქვს თუ არა მას სრული სამართლებრივი საფუძველი ცეცხლის გახსნისათვის? ასე რომ, ეს არგუმენტი სრულიად გაუგებარია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ახლა სპეცრაზმელებთან დაყვავება - მარტივია, როცა ღარიბაშვილმა პირველად განაცხადა, რომ სპეცრაზმელები ციხეში არ უნდა ისხდნენ, ეს მოხდა ნაციონალური მოძრაობის აქციის წინ და მათ ჩათვალეს, რომ მიტინგის წინ სპეცრაზმელების ლოიალობის მოპოვება სასურველი იქნებოდა.

ახლა მოგეხსენებათ, მთელი პოლიცია გადართულია სავარაუდო მკვლელის, აბულაძის ძებნაზე და ამიტომ აბულაძის დასაკავებლად სპეცრაზმის გამოყენება აუცილებელია და, როგორც ჩანს, მათი გამხნევება ამიტომ გადაწყვიტეს.

რაც შეეხება იმას, რომ სასჯელი უნდა შეუმსუბუქონ, ისეთი მუხლით წაუყენეს ბრალი, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რომ ყველაზე მსუბუქი სასჯელი ამ მუხლით არის 16 წელი.

ვფიქრობ, რომ სპეცრაზმელები უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი სასჯელის გარეშე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება. იმიტომ, რომ შეუძლებელია სპეცრაზმელი მიღებული ბრძანების შესრულებისათვის გაასამართლო", - თქვა უტიაშვილმა.

ცნობისთვის, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება ყველაფერს ცდილობს, რომ ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ. "მათ კანონი ავალებს, რომ უკანონო ბრძანება არ უნდა შეასრულონ. თქვენ შეიძლება, არ იცით, მაგრამ 10 წელი ვიმსახურე მანდ. რომ ებრძანა ხელმძღვანელს, მოკალი, დაცხრილე ეს ბავშვიო, მე არავინ უნდა დამეცხრილა, ტვინი მქონდა. ელემენტარულია, რომ არ უნდა შეასრულო", - თქვა გომელაურმა.

კომენტარები