საყოველთაო ამნისტია

პრემიერი: მათ მიმართ, ვინც ამნისტია ვერ დააფასეს, დაუნდობლები ვიქნებით

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ამნისტირებულების მიმართ, "ვინც სახელმწიფოს ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს", სახელმწიფო დაუნდობელი იქნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ თქვა.

"ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი თუ ამნისტიის შედეგად გამოვიდნენ, ეს ვერ დააფასეს, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით. მე ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენს შორის, ჩვენს ხალხს შორის. მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთავონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები