საქართველო-ვატიკანი

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პაპ ფრანცისკესთან პირისპირ აუდიენცია გამართა

პრეზიდენტი მარგველაშვილი და პაპი ფრანცისკე
facebook.com/Margvelashvili

გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის სამოციქულო სასახლის San Damaso-ს ეზოში, ვატიკანის ტრადიციისამებრ შვეუცარიული გვარდიის თანხლებით, რომის პაპის სახლის პრეფექტი არქიეპისკოპოსი გეორგ გენსვაინი მიესალმა.

სახელმწიფოს მეთაურისა და რომის პაპ ფრანცისკეს პირისპირ შეხვედრა პაპის პირად ბიბლიოთეკაში გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს. აღინიშნა, რომ წმინდა საყდარი როგორც წარსულში დღესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია, რაც საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა მშვიდობის მნიშვნელობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია არსებობდეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და გამყოფი ხაზები, ასევე ჰუმანიტარული და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს თანამედროვე სამყაროში.

„საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. განსაკუთრებით იქნა წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც საქართველოს საუკუნეებიის გნამავლობაში ჰქონდა, როგორც ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის ადგილს. განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელშიც შეიძლება საქართველომ მიიღოს ვატიკანის მხარდაჭერა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

აუდიენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს პირველი ლედი და ქართული დელეგაციის წევრები წარუდგინა, რის შემდეგაც საჩუქრების გაცვლის ცერემონიალი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მის უწმინდესობას მცხეთის ჯვრის მონასტრის ამაღლების ბარელიეფის ასლი გადასცა. თავის მხრივ რომის პაპმა ფრანცისკემ სახელმწიფოს მეთაურს წმინდა მარტინის ქვაზე გამოკვეთილი სკულპტურა უსახსოვრა და აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო და სიმბოლურია ეს საჩუქარი პრეზიდენტისათვის, როგორც საკუთარი ხალხზე მზრუნველისა და დამცველისათვის.

კომენტარები