პოლიციელის მკვლელობა

აბულაძე: მამუკა ხაზარაძის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

შსს

მამუკა ხაზარაძის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ამის შესახებ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ განაცხადა.

აბულაძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მისი პატიმრობაში დატოვება სთხოვა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ გარეთ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აბულაძის თქმით მისი ლიკვიდაცია TBC ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს სურს.

აბულაძის განცხადებით ბორჯომში, მის სასტუმროში ხელყუმბარები ააფეთქეს და ასევე მისი კუთვნილი რესტორანი დაწვეს. აბულაძის თქმით, სწორედ ხაზარაძის დაკვეთით მისი 2 თვის ფეხმძიმე, 19 წლის საცოლე აწამეს.

პროკურორის განცხადებით მისთვის ეს ინფორმაცია სიახლეა, ხოლო მოსამართლემ მოუწოდა სამართალმდაცველებს ამ ფაქტებით დაინტერესდნენ.

მოსამართლე ბადრი შონიამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და აბულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აბულაძე გუშინ გამთენიისას, სოფელ არდაგანში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. შალვა აბულაძეს სამართალდამცველები იანვრიდან ეძებენ. ბრალდებულმა ერთი პოლიციელი იანვარში მოკლა, მეორე კი, 4 აპრილს.

პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მკვლელობის საქმე ბორჯომში მოკლული პოლიციელის საქმესთან გაერთიანდა და პროკურატურამ ერთ წარმოებად წარადგინა სასამართლოში. მოსამართლე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით, აბულაძისთვის შეფარდებული პატიმრობის დადასტურებაზე იმსჯელებს. პროცესს ბრალდებული შალვა აბულაძე დაესწრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

კომენტარები