მთავარი პროკურორი

ბოკერია ბადაშვილის დაბარებაზე: საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "საპარლამენტო ზედამხედველობა ძალიან მნიშვნელოვანია". ბოკერია მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარებას გამოეხმაურა.

"მე რამდენადაც ვიცი, ჩემი მეგობრები ფრაქციიდან ამ მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები - რომ ეს მთავარი პროკურორი წყვეტს რამეს. ამ პროცესებს, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველაფერს, აკონტროლებს მილიარდერი ივანიშვილი და სწორედ ამ მმართველობის შედეგია ეს უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენი მოქალაქეა. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში და ჩატარდეს შემდეგ არჩევნები, მიუხედავად ამისა, სანამ ეს მოხდება, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ მცდელობას სამოქალაქო ზედამხედველობისა იმ ორგანოებზე, რომლებიც ოლიგარქ ივანიშვილს ექვემდებარებიან იმის ნაცვლად, რომ ექვემდებარებოდეს საქართველოს საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ დეპუტატებს", - განაცხადა ბოკერიამ.

თავისუფალი დემოკრატები მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვენ. მათ აზრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც იზიარებს. დეპუტატებს კითხვები პროკურატურაში ერთი თვის წინ შექმნილ დეპარტამენტზე აქვთ. საპარლამენტო ოპოზიცია ეჭვობს, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, თავად ბადაშვილმა აუხსნას კანონმდებლებს, რა ხდება ახალი დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე. დეპუტატებმა გიორგი ბადაშვილის პარლამენტში მისვლის საკითხი უახლოეს პლენარულ სხდომაზე უნდა დააყენონ. 

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი 4 მარტს შეიქმნა. მას ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. ნადარეიშვილის თქმით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია, გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტებს. ასევე, ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელეს ან მასთან გათანაბრებულ პირს ამხელენ.

კომენტარები