ექსტრადიცია

წულუკიანი ექსტრადიციის თანხმობის მაჩვენებლის კლებაზე: საგანგაშო არაფერია

ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13 მოთხოვნა. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა IDFI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომელის მიხედვითაც პირის ექსტრადიციაზე თანხმობის მაჩვენებელმა 2012 წლის შემდეგ იკლო.

წულუკიანის განცხადებით, მხოლოდ ციფრები სურათის ანალიზის საშუალებას არ იძლევა.

"საუბარია იმაზე, რომ ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, რა მონაცემებიც მე მაქვს ნანახი, 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას", - განაცხადა წულუკიანმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) ინფორმაციით, 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა სულ 131 განცხადებით, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა.

"რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის მიერ საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილ პირთა ექსტრადაციის შესახებ გაგზავნილ შუამდგომლობებს, როგორც ირკვევა, 2010-2015 წლებში ყველაზე მეტი (59) აღნიშნული ხასიათის შუამდგომლობა საქართველოს პროკურატურის მიერ დაყენებული იქნა 2010 წელს, რომელთაგან 34 (57,6%) დაკმაყოფილდა. საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. 2012 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70,3% შეადგინა, 2013 წელს - 53.1%, 2014 წელს - 16,2%, ხოლო 2015 წლის საწყისი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ - 9,1%. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ განმარტებულია, ის შუამდგომლობები, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული, ნაწილი საზღვარგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამჯერად იმყოფება განხილვის პროცესში, ნაწილზე ითქვა უარი, ხოლო გარკვეულ ნაწილზე შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრამდე - დროებითი უარი", - წერს IDFI.

კომენტარები