ექსტრადიცია

ხმალაძე ექსტრადიციის მაჩვენებელზე: მიზეზი პოლიტიკურ დევნაზე ხშირი საუბარია

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

2012 წლის შემდეგ ექსტრადიციის მაჩვენებლის კლებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე ორი მიზეზით ხსნის. პირველი შესაძლოა, იყოს პროკურატურის მიერ დაუსაბუთებელი მოთხოვნები, მეორე კი ენმ-ის საუბარი პოლიტიკურ დევნაზე.

"შედარება არ უნდა იყოს ტენდენციური. უნდა შევეცადოთ, რომ ობიექტური მონაცემები შევუდაროთ ერთიმეორეს. მიზეზი რაა - ერთი მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ მართლაც კარგად არ არის დასაბუთებული მოთხოვნა ექსტრადირების, ამის მიზეზი ალბათ არასათანადო კვალიფიკაციაა. მეორე მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ ყოველთვის ხდება ამის აფიშირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა", - ამბობს ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IDFI მონაცემებს ავრცელებს, რის თანახმადაც, საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება.

"რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის მიერ საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილ პირთა ექსტრადაციის შესახებ გაგზავნილ შუამდგომლობებს, როგორც ირკვევა, 2010-2015 წლებში ყველაზე მეტი (59) აღნიშნული ხასიათის შუამდგომლობა საქართველოს პროკურატურის მიერ დაყენებული იქნა 2010 წელს, რომელთაგან 34 (57,6%) დაკმაყოფილდა. საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. 2012 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70,3% შეადგინა, 2013 წელს - 53.1%, 2014 წელს - 16,2%, ხოლო 2015 წლის საწყისი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ - 9,1%. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ განმარტებულია, ის შუამდგომლობები, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული, ნაწილი საზღვარგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამჯერად იმყოფება განხილვის პროცესში, ნაწილზე ითქვა უარი, ხოლო გარკვეულ ნაწილზე შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრამდე - დროებითი უარი", - წერს IDFI.

კომენტარები