პანკისის ხეობა

არეშიძე: პანკისის მიმართ უყურადღებობა თითოეული ხელისუფალის მთავარი შეცდომაა

0 კომენტარი
ფოტო: თეორემა/ტაბულა

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის, თქმით, საქართველოს ყველა ხელისუფლების მთავარი შეცდომა არის უყურადღებობა პანკისის ხეობის მიმართ. ამის შესახებ არეშიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა. არეშიძის თქმით, პანკისის ხეობის მცხოვრები ახალგაზრდების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სიტუაციის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ეს არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა.

"ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც თავიდან იყო დაშვებული, ეს იყო უყურადღებობა. პირველი არაბი მოლა ხეობაში 1995 წელს გამოჩნდა. მე მას პირადად ვიცნობდი და მაშინვე იყო საუბარი იმის თაობაზე ხელისუფლებაში, რომ ამისთვის ყურადღების მიქცევა ღირდა.

მეორე შეცდომა ის იყო, რომ ჩეჩენი ლტოლვილების გამოჩენის შემდეგ, როდესაც გროზნოდან ჩამოტანილი ნარკოტიკები ამოიწურა, მერე აქედან დაიწყეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ნარკოტიკის შეტანა და ასაღებდნენ, როგორც ჩეჩნურ ნარკოტიკს, სინამდვილეში ეს იყო აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი ნარკოტიკი და კოჰაბიტაცია შედგა ერთგვარი კრიმინალურ-ძალოვნური და ადამიანების გატაცება იქნებოდა თუ ნარკოტიკებით ვაჭრობა, ამაში ჩართული იყო მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი. ეს იყო მეორე მძიმე შეცდომა. ძალა იგრძნეს მაშინ იქ მყოფმა კრიმინალებმა და ამ ძალის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინეს.

შემდეგი ისევ უყურადღებობა, სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ მიაგდეს რეგიონი. წინა ხელისუფლების პირობებში იყო ის, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ვაჰაბიტებზე დაყრდნობა უკეთესი იქნებოდა და მათი მეშვეობით ხეობის კონტროლი და ჩააბარეს მათ ერთადერთი ბიზნესის წყარო რაც იყო ხეობაში, ეს არის ხე-ტყით ვაჭრობა და მათ ეყრდნობოდნენ. და რა მოიტანა ამ ყველაფერმა, ლაფანყურით დამთავრდა ეს ყველაფერი. შემდგომში ისევ უყურადღებობის ახალი ციკლი დაიწყო.

ყველა ეს ხელისუფალი, რომელიც მე ჩამოვთვალე ერთ მთავარს აუცილებლად ივიწყდებდა, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალგაზრდების დასაქმება, მათი გამოყენება, მათი ინტეგრაციის პროცესის გარგძელება, რადგან ქისტები საქართველოში მცხოვრებ ყველა სხვა ეთნიკურ უმცირესობაზე მეტად არიან ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული რელიგიის მატარებლები არიან. ამ ფაქტორის არ გამოყენება იყო დანაშაული და ყველა ხელისუფლებას ცალ-ცალკე მიუძღვის წვლილი ამ დანაშაულში", - განაცხადა არეშიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები