პანკისის ხეობა

არეშიძე: პანკისში სიტუაციის გასაკონტროლებლად უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო

0 კომენტარი
ფოტო: თეორემა/ტაბულა

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის, თქმით, პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის გაკონტროლება მხოლოდ უშიშროების ძალებითა და შსს-ს მეშვეობით ვერ მოხდება. ამის შესახებ არეშიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

არეშიძემ ასევე დაამატა, რომ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა და სახელმწიფოს სხვა უწყებების ჩართვაც.

"პანკისის ხეობაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ადგილებში, სადაც ჩანს ეს რელიგიური ფუნდამენტილიზმი, მხოლოდ უშიშროების ძალებით და შსს-ს მეშვეობით სიტუაციის გაკონტროლება ვერ მოხდება. მე უკვე ვიცი დღეს, რომ საეჭვოდ შემცირდა სირიაში და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი და უცებ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების დიასპორა ერ-რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში და ზოგიერთ სხვა არაბულ ქვეყანაში. როგორც ჩანს, რაღაც ტიპის მუშაობა მიდის.

დაიბლოკა ქართულენოვანი ისლამისტური საიტები, სადაც ისეთი მოწოდებები იყო, რომლებითაც მოქმედებენ ახალგაზრდებზე და სხვებზე. დაიბლოკა ასევე ზოგიერთი ქართველი ისლამისტის პირადი გვერდიც. მაგრამ ვიმეორებ, ეს არის უშიშროების ნამუშევარი, ე.ი. შსს-ს ნამუშევარი. სახელმწიფოს დანარჩენი უწყებებიც უნდა ჩანდეს, კომპლექსური მიდგომის გარეშე ეს საქმე არავითარ შემთხვევაში არ გამოვა. მე 20 წლიანი გამოცდილება მალაპარაკებს და ეს მარტო მე არ ვარ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ხეობაში სიტუაციას", - განაცხადა არეშიძემ.

მამუკა არეშიძემ ყურადღება ქვემო ქართლსა და აჭარაში შექმნილ მდგომარეობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, პანკისის ხეობაში არსებულ სიტუაციაზე თვალის დახუჭვამ გამოიწვია ის, რომ ზემოხსენებულ რეგიონებში სიტუაცია უფრო მასშტაბური სახით მეორდება.

"აი, ზუსტად პანკისის ხეობაში სიტუაციის წაყურადებამ და არაგულმოდგინეობამ გამოიწვია ის, რომ სიტუაცია გვიმეორდება, ოღონდ უფრო მასშტაბურად, ქვემო ქართლში და აჭარაში. აჭარაში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფება ან იმყოფებოდა სირიაში საბრძოლველად წასული, რომელთაგანაც 4 დაღუპულია. ახალ წელს ბოლო დაიღუპა ამ ოთხეულიდან, ნაკაიძე გვარად. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს, აჭარა არის გემრიელი ლუკმა ბევრი თურქული და არაბული ორგანიზაციისთვის და ამის საკმაოდ ცუდი ნიშნები შეიმჩნევა. პატრონობა და მიხედვა სჭირდება, როგორც რელიგიურ ფონს ამ რეგიონში, ასევე ახალგაზრდების მდგომარეობას, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში", - განაცხადა არეშიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები