პანკისის ხეობა

სიხარულიძე: საქართველოს განვითარება უსაფრთხოების გარანტიის გარეშე შეუძლებელია

თეორემა/ტაბულა

ტაბულას გადაცემა თეორემაში დასმულ კითხვას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დღეს პანკისის ხეობაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს და ქვეყნის მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს, ატლანტიკური საბჭოს თავჯდომარემ, დავით სიხარულიძემ, უპასუხა, რომ საქართველომ პირველ რიგში უნდა მიაღწიოს იმ მიზანს, რაც დიდი ხანია აქვს - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას.

სიხარულიძის თქმით, საქართველოს მომავალი განვითარება უსაფრთხოების გარანტიის გარეშე წარმოუდგენელია.

"საინტერესოა, რას ვაკეთებთ ჯერ. პირველ რიგში, საქართველოს მომავალი განვითარება, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული განვითარება, გნებავთ სოციალური პროგრამები, წარმოუდგენელია უსაფრთხოების გარანტიის გარეშე. ამიტომ, ყველა რესურსი მობილიზებული უნდა იყოს, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმ ამოცანას, რა ამოცანაც დიდი ხანია საქართველოს აქვს, ეს გახლავთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა.

მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტია გასაკეთებელი, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ, გაფართოება კი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ როდის შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი აქვს საქართველოს ამ მიმართულებით გასაკეთებელი", - განაცხადა სიხარულიძემ.

სიხარულიძემ კომენტარი პანკისში შექმნილ სიტუაციაზეც გააკეთა. მისი თქმით, ღრმად არის შესასწავლი, თუ რა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები უბიძგებს ადგილობრივ მოსახლეობას რადიკალიზაციისაკენ.

"რაც შეეხება პანკისის საკითხს, აქ გარდა იმისა, რაც ხშირად გვესმის, რომ სპეცსამსახურებმა, პოლიციამ, უშიშროებამ უნდა იმუშაოს, ვფიქრობ უფრო ღრმად არის შესასწავლი, რა უბიძგებს ამ ადამიანებს რადიკალიზაციისკენ, რა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებია, რატომ არ აქვთ სახელმწიფოსთან თვითიდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ აისისში არიან ბევრად უფრო წარმატებული და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდანაც, ალბათ ეს პრობლემაც არის, ისინი თვითიდენტიფიკაციას ამ სახელმწიფოსთან არ განიცდიან.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული საკვლევი თემაა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, იქნება მათი ჩართვა ზოგადად საქართველოს ცხოვრებაში, ეს ძალიან ვრცელი თემაა", - განაცხადა სიხარულიძემ.

კომენტარები