საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი ბადაშვილს: გამოიძიეთ ყოფილი პატიმრის გარდაცვალების საქმე

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გარდაცვლილი ყოფილი პატიმრის მ.დ-ს მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლებისა და აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, აუცილებელია დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა პატიმრისთვის მიწოდებული მკურნალობის ადეკვატურობისა და დამდგარი შედეგის – გარდაცვალების თავიდან აცილების შესაძლებლობის არსებობის დასადგენად.

"პატიმარი მ.დ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 15 აპრილის დასკვნით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან მაშინ, როდესაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. ხოლო, რამდენიმე საათის შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 16 აპრილს 07:00 საათზე მისი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

2014 წლის 30 დეკემბერს აკადემიკოს ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში პატიმარ მ.დ.–ს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. ამავე დღეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების მორიგე ექიმმა ჩანაწერში დააფიქსირა, რომ „მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი გულმკერდის წინა კედლის ფლეგმონა, სეფსისი, რეკომენდირებულია მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 დაწესებულებაში“.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს 2015 წლის 25 თებერვლის წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა აცნობა, რომ პაციენტს დაავადების მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე სეფსისის დიაგნოზი დასმული არ ჰქონია, თუმცა არ განმარტა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების მორიგე ექიმის მიერ გაკეთებული ჩანაწერის (მსჯავრდებულს დაესვა სეფსისის დიაგნოზი) საფუძვლები და გარემოებები.

2015 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მ.დ.–ს სამედიცინო დოკუმენტაცია მსჯავრდებულისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და მკურნალობის ხარისხის შეფასების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში გადააგზავნა" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები