იური ვაზაგაშვილის საქმე

ჯოგლიძე: ვაზაგაშვილი საფლავზე ნაპოვნი ხელყუმბარით არ აუფეთქებიათ

თეორემა/ტაბულა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის გიორგი სოსანაშვილის ადვოკატის სოსო ჯოგლიძის განცხადებით, პრაქტიკაში არ არსებობს რუსული წარმოების ხელყუმბარა ლათინური წარწერით. მისი მტკიცებით, ვაზაგაშვილი საფლავზე ნაპოვნი ხელყუმბარით არ აუფეთქებიათ და ის საფლავზე შემდეგ არის დადებული.
 
"საქმის მასალებს კარგად თუ ჩავუღრმავდებით, ნებისმიერ ექსპერტს, ბალისტიკოსს - რუსული წარმოების ხელყუმბარა F1 - ტიპის ფალიაზე დაფიქსირებულ ლათინურ წარწერა UZRGM და შემდეგ ნომრის მაჩვენებელზე, შეგვიძლია ვკითხოთ. არ არსებობს პრაკტიკაში რუსული წარმოების ხელყუმბარა ლათინური წარწერით. მაგ ხელყუმბარით არ არის აფეთქებული. ეს არის შემდეგ დადებული და არის სასწავლო. რაც საქმის მასალებშია, ბრალდება ვერ შემიცვლის. მაჩვენოს ექსპერტმა რუსული წარმოების ხელყუმბარა ლათინური წარწერით UZRGM. ეს არ არსებობს პრაქტიკაში" - აცხადებს ჯოგლიძე. 
 
 
ექსპერტ ზაზა ალთუნაშვილის თქმით კი, "ე.წ. ფალია იწარმოება მრავალ ქვეყანაში - რუსეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკის ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ყოფილი სოციალისტური წევრის ბანაკის ქვეყნებში. ამიტომ, წარმოების დროს, თუ ვისთვის, რომელი ქვეყნისთვის არის განკუთვნილი და გასაგზავნი - შესაძლებელია, რომ წარწერა ინგლისურ ენაზე იყოს. 5 თუ 10 წუთით ინტერნეტში მიღებული ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმის პროფესიონალი ხარ. რაღაც არასწორად აირჩია. სჯობს სხვა სტრატეგიას მიხედოს და არა ექსპერტიზას".
 
მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი გუშინ დაუმძიმა - მოწმეთა ჩვენებები საფუძველზე მას ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

კომენტარები