ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება

გიგაური: კანონში ცვლილებით, ხელისუფლების მიზანია საპატრიარქოს ინტერესის დაცვა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მოსაზრებით, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებას ეხება, ხელისუფლების მიზანია, დაიცვას არა ყველა ჯგუფისა თუ უმცირესობის ინტერესი, არამედ კონკრეტული ჯგუფის ინტერესი და მოსაზრება. გიგაური "კონკრეტულ ჯგუფად" საპატრიარქოს ასახელებს. აღნიშნული მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა.

"თუკი მათი მიზანი არის ის, რომ დაიცვას კონკრეტული ჯგუფების და პირების უფლებები, მათ ამის საშუალება დღესაც გააჩნიათ. არსებობს რიგი ნორმებისა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნეს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ამ ჯგუფს ან ადამიანებს ემუქრება კონკრეტული ქმედებით, ესეც არის დასჯადი. ასევე დასჯადია თუკი დისკრიმინაციული ნიშნით გარკვეულ ქმედებას განახორციელებ და ეს არის ასევე დამამძიმებელი გარემოება. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის ახლა აუცილებელი ამის მიღება. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი დაიწყო იმის გამო, რომ მთავრობის და ხელისუფლების მიზანია, დაცული იქნას არა ყველა ჯგუფის და უმცირესობების ინტერესი, არამედ კონკრეტული ჯგუფის ინტერესი და კონკრეტული მოსაზრებები.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ იგივე საპატრიარქოს ქმედებები. მათ შეიძლება, არ მოეწონოთ საპატრიარქოს წარმომადგენლების კონკრეტული განცხადებები. შეიძლება, გააკრიტიკონ ის, რომ მათი ბიუჯეტი არ არის გამჭვირვალე. ეს შეიძლება, არ მოეწონოს საპატრიარქოს ან ვინმეს, ვინც არის დაკავშირებული მასთან", - თქვა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვით, ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება დასჯადი იქნება. დასჯად ქმედებად განისაზღვრება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

კომენტარები