საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

საპარლამენტო დელეგაცია უსუფაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში გაემგზავრება

Jamestown.org

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს უკრაინაში გაემგზავრება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატები უკრაინის დედაქალაქ კიევში ოფიციალური დონის შეხვედრებს გამართავენ. ვიზიტი 21 აპრილს დასრულდება.

დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის და უმაღლესი რადას თავმჯდომარის, ვლადიმერ გროისმანის შეხვედრა, სადაც მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. 

"შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკანონმდებლო ნაწილზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. უმაღლეს რადაში სტუმრობისას ქართველი კანონმდებლები საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფის წევრებსაც შეხვდებიან" - აღნიშნავს პარლამენტის პრესსამსახური.

21 აპრილს, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრემიერმინისტრ არსენ იაცენიუკთან. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებებს, ორმხრივ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს და უკრაინის კრიზისის საკითხებს განიხილავენ. 

ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ეროვნულ ნაკრძალს მოინახულებს. ქართველი კანონმდებლები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვევიან და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

უკრაინის დედაქალაქს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და გიორგი ვაშაძე ეწვევიან.

კომენტარები