90–იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა

90–იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა

თამაზ მჭედლიძე
0 კომენტარი

რეალური და სათამაშო ომები დემილიტარიზებულ ზონაში

მე მოვალ შენთან ყოველღამ,
შენ იქნები ჩემი ხმა,
მე მოგცემ შუქის ცალ ფაზას,
სამ გენერატორს სხვადასხვას,
გაზის ფეჩს და დროის მანქანას,
ცხოვრების გზას და არცერთ ვიზას,
ნავთის ფულს, ტურბოს ფითილს მრგვალს,
სურვილს ერთს და 9 პრობლემას,
არა ხელფასს, არა პენსიას,
მამის ხელს და დედის თბილ კალთას,
მეზობლის სუნს, თელასის ქვითარს
და ერთ ორ ბნელ წამს საფიქრალს,
60 წუთს და 600 დოლარს ვალს,
ფრთებს, ბორკილებს და ათას წვრილმანს,
ცოტა ზღვას და უფრო ცოტა მიწას,
აღდგომას და ახალი წლის ზავს,
2 შობას და 2 გიორგობას,
300 არაგველს და 9 ქალიშვილ დას,
ბნელ კიბეს, ნათელ მომავალს.

Afternoon Version – Kardena

 

90-იანების საქართველოში, ჩაბნელებული სახლების და ანთებული გულების ეპოქაში, ახალი, კოლორიტული კულტურული ფენომენი გაჩნდა – ქართული ალტერნატიული მუსიკა. თუმცა პატარა ქვეყნის პირობაზე საკმაოდ ბევრი საინტერესო, თავისებურად განუმეორებელი სტილის მქონე ჯგუფის თუ შემსრულებლის მიუხედავად, მასზე ისევე ძნელია წერა, როგორც რაიმე არარსებულზე. ბევრი კონცერტი მახსოვს, რომელიც ინტერესს იწვევდა იქ გაჟღერებული მუსიკის, ტექსტების თუ ზოგადი განწყობის თვალსაზრისით. ჩანასახის მდგომარეობაში, მაგრამ მაინც არსებობდა ალტერნატიული სუბკულტურა თავისი გმირებით, მითებით და იდენტობის სიმბოლოებით. და რაც მთავარია, ხანდახან ჩნდებოდა განცდა, რომ ჩვენი „როკვარსკვლავების" შემოქმედება გამოხატავდა რაღაც „ყველაზე მთავარს", რაზეც ლაპარაკს მათ გარდა ვერავინ ბედავდა. მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის უკვალოდ გაქრა. რაღა თქმა უნდა, კვალში არ ვგულისხმობ დისკებს ან კლიპებს. ალტერნატიული მუსიკის და საერთოდ კონტრკულტურის მთავარი პროდუქტი ხომ საზოგადოების ცნობიერების, ცხოვრების წესის შეცვლაა – უარესისკენ თუ უკეთესისკენ ეს გემოვნების საკითხია. დასავლური საზოგადოება ჯიმ მორისონის, ვუდსტოკის და Velvet Underground-ის შემდეგ უკვე სხვა იყო, ვიდრე მანამდე, პანკ რევოლუციის შემდეგ სხვა, ტექნოს და ელექტრონული მუსიკის განვითარებამ კი განსხვავებული ცხოვრების წესი დაამკვიდრა.

90-იანი წლების საქართველოში ალტერნატიული მუსიკოსების მიერ კონცერტების ჩატარება ხშირად რისკთან იყო დაკავშირებული. მუსიკას, ტექსტებს და ზოგჯერ დემონსტრაციულად გამომწვევ ქცევას რომ თავი დავანებოთ, მათი გარეგნობაც კი ბრბოს აგრესიას იწვევდა. მახსოვს ერთ-ერთი ფესტივალის მონაწილე მიყვებოდა, რომ, რომელიღაც პროვინციულ ქალაქში, სცენაზე გასვლისთანავე მუსიკოსებისკენ ქვების წვიმა წამოვიდა. ლადო ბურდულის გამოსვლა ფილარმონიაში გამართულ როკფორუმზე მისი ვარცხნილობით და გარეგნული იერით უკმაყოფილო პირებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. გრიბოედოვის თეატრში ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული როკაქცია კი მუსიკოსებისა და მათი მსმენელების პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცავებს მაშინ ჯერ კიდევ სანდრო ეულის სახელით მოღვაწე დათო ჟორჟოლაძის, იგივე ჟორას მიერ სიმღერის დასრულების შემდეგ გიტარის დამტვრევის მცდელობა არ მოეწონათ და ლანძღვა-გინებითა და უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი დაკავება სცადეს. ირაკლი ჩარკვიანის სიმღერას „შენ აფრენ“ პარლამენტში განხილვა მოჰყვა. ძირძველი ქართული ტრადიციების დამცველმა რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო სესიის დღის წესრიგში თავხედი მომღერლის დასჯის საკითხი დააყენა. პრობლემები ჰქონდა რობი კუხიანიძესაც, რომლისგანაც კონცერტების ორგანიზატორები „აუტსაიდერის“ სიმღერების ორგანული ნაწილის – უცენზურო სიტყვების ტექსტიდან ამოღებას მოითხოვდნენ. არანაკლებ ძლიერი იყო წნეხი ამ სუბკულტურის რიგითი წევრების – გრძელთმიანი, იროკეზიანი თუ საყურიანი ბიჭების და ნაცრისფერი მასისგან გამორჩეულად ჩაცმული გოგონების მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, 90-იანების დასაწყისში ქართველი ალტერნატიული მუსიკოსები და მათი მცირერიცხოვანი მსმენელები იმ პირველ ქრისტიანებს ჰგავდნენ, რომის კატაკომბებში რომ უხდებოდათ დამალვა. რასაკვირველია, მათ შორის საკმარისად იყვნენ „სამყაროს გადარჩენაზე“ გულწრფელად მეოცნებე მეამბოხეები. ეს ნიშანი აუცილებელია ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი სუბკულტურისთვის. მაგრამ თუ დასავლეთში ჰიპების და პანკების მოძრაობას, ისევე როგორც პირველი ქრისტიანების სულიერ ბრძოლებს, საზოგადოების მენტალობის სერიოზული ცვლილებები მოჰყვა, იმ პერიოდის ქართული მუსიკალური კონტრკულტურისგან, რამდენიმე ათეული სიმღერის გარდა, დღეს მხოლოდ ბობოქარ წლებზე მისი აწ უკვე არცთუ ისე ახალგაზრდა წარმომადგენლების ბუნდოვანი მოგონებები (მიზეზი – ალკოჰოლის და კანაბისის გაძლიერებული მოხმარება), YouTube-ზე ატვირთული რამდენიმე ვიდეო და ერთი-ორი ჟურნალისტის მიერ იშვიათად გამოვლენილი ინტერესი დარჩა. ის ენერგია, რომელიც 90-იანელი მუსიკოსების შემოქმედებიდან მოდიოდა, ჩვენს საზოგადოებას ფაქტობრივად არ შეხებია.

ღმერთი (ან ბუნების კანონზომიერება) ათობითი სისტემით არ აზროვნებს, 90-იანების ეპოქაც 80-იანი წლებიდან დაიწყო. ის, რასაც პირობითად შეიძლება „ქართული ანდერგრაუნდი“ დავარქვათ, 80-იანების ბოლოს დაიბადა. საბჭოთა სისტემის რღვევის დაწყებასთან ერთად, გამოჩნდნენ მუსიკოსები, რომლებიც საზოგადოებაში გაბატონებულ ცხოვრების წესსა და ნორმებს უპირისპირდებოდნენ. მათი ენთუზიაზმი და მეამბოხე სტილი გარკვეულწილად კომუნისტურ სისტემასთან მებრძოლ დისიდენტებზე ჯერ კიდევ შემორჩენილი მითების რომანტიკიდან იღებდა სათავეს. სხვა მასშტაბებით და სხვა სამოქმედო პირობებით, მაგრამ მეტ-ნაკლებად მსგავსი სიტუაცია 60-70-იანი წლების ევროპაშიც შეინიშნებოდა, როდესაც ანდერგრაუნდის ცნება და მასთან დაკავშირებული სოციალური პროტესტის და კონტრკულტურის იდეა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოგონებები ანტიფაშისტურ იატაკქვეშეთსა და წინააღმდეგობის მოძრაობაზე. გერმანელი, ფრანგი თუ იტალიელი სტუდენტები რადიკალური მემარცხენე დაჯგუფებების მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილი, პოლიცია კი გრძელთმიან ახალგაზრდებს ეჭვის თვალით უყურებდა. თუმცა 80-იანების დადგომასთან ერთად დასავლეთში უკვე აღარავის აღელვებდა რას კითხულობდი, რა მუსიკას უსმენდი, რა გეცვა და როგორი თმის ვარცხნილობა გქონდა. სოციალური სივრცე, სადაც ადრე ანდერგრაუნდი მეშჩანური საზოგადოების საფუძვლებს აფეთქებდა, ჰაროლდ როზენბერგის შეფასებით, „დემილიტარიზირებულ ზონად“ გამოცხადდა.

ნიკო ცეცხლაძე კონცერტის აფიშით ფოტო: გურამ წიბახაშვილი

90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენთანაც ასეთივე „დემილიტარიზებული ზონის“ გაჩენას ელოდნენ, რადგან წესით ანდერგრაუნდის საჭიროება აღარ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მთავარი „ომი“ ჯერ კიდევ წინ იყო. თუ 80-იანებში ქართველ როკმუსიკოსებს უკვე დასუსტებული, მაგრამ ჯერ კიდევ გადარჩენისთვის მებრძოლი სისტემა არ აძლევდა იატაკქვეშეთიდან ამოსვლის საშუალებას, დამოუკიდებელ საქართველოში მათ და მათ გარშემო შეკრებილ მსმენელებს უკვე ეროვნული მოძრაობის იდეალებით გამსჭვალული საზოგადოება დაუპირისპირდა, რომელიც ჯერ დაბნეულად, შემდეგ კი მტრულად შეხვდა „ეროვნული ალტერნატიული მუსიკის“ გამოჩენას.

ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავეებთან რამდენიმე პიროვნება იდგა. 1987 წელს ლადო ბურდულმა შექმნა ჯგუფი „რეცეპტი“, რომელიც ქართულენოვანი გოთიკის და პოსტ პანკის პიონერად მოგვევლინა ექსპრესიით, ლირიზმით და, ამავდროულად, სოციალური პროტესტით სავსე სიმღერებით „მოდი მალე“, „ისევ მუქდება მორიგი ღამე“, „მშია“, „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები“. 1988 წელს შექმნილი დადა დადიანის ჯგუფი „ტაქსი“ ასევე ქართულ ენაზე იმავე თემებს უკვე ნიუ ვეივის სტილში აჟღერებდა – „შენ უნდა იჯდე ელექტროსკამზე, შენ არღვევ წესს, შენ ცდილობ ყველას დააჯდე თავზე, შენ უშლი ხელს იმას, ვინც შენთვის წესებს წერს“. ქიშო გლუნჩაძე კი თავის პროექტით „ქიშო და ინტელიგენცია“ ქართულ მუსიკაში დილანისეულ გზას კვალავდა ბლუზის და ფოლკ როკის ნაზავი ბალადებით „ჭეშმარიტება“, „ქრისტიანი“, „მოგცემ შანსს“. ამავე პერიოდში რობი კუხიანიძე ჯგუფ Outsider-თან ერთად ხმამაღლა აცხადებს „ჩემს ქალაქში დღეს საშინლად ბნელა“ და ქუთაისურ პანკს უყრის საფუძველს. Outsider -ის სტილი ორგანულად დაემთხვა იმ დროს მოღვაწე ისეთი დასავლური ბენდების სტილს, როგორიცაა მაგალითად The Pogues, რომლის მუსიკაც ბრუტალური კოკნი პანკ როკისა და ირლანდიური ფოლკლორის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ რობის შემოქმედება მთლიანად ქართულენოვანია, მისი ენერგეტიკა უცხოელებისთვისაც გასაგები აღმოჩნდა. ჯგუფ Ва Банкъ-ის ლიდერის საშა სკლიარის რეკომენდაციით, 1992 წელს რუსული კონტრკულტურის საკულტო ფიგურის პიოტრ მამონოვის სტუდიაში Outsider-მა პირველი ქართული ვინილის დისკი Inside ჩაწერა. ამავე წელს ალბომი „ღამის ქალაქი“ გამოუშვა ლევან ლომიძის ჯგუფმა „პრიზი“. სწორედ მათ სიმღერებზე „ქალაქი ღამით“ და „დუმილის დრო“ შეიქმნა პირველი ქართული მუსიკალური ვიდეოკლიპები. ერთი სიტყვით, 90-იანების დასაწყისში ქართულ ალტერნატიულ მუსიკას კარგი სასტარტო პირობები ჰქონდა. არსებობდა რამდენიმე მაღალი დონის ჯგუფი. თან ფილარმონიის სტრუქტურების დაშლის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ეს მუსიკა იატაკქვეშეთიდან დღის სინათლეზე გამოსულიყო. თუმცა მასობრივი აუდიტორიის გემოვნებასთან აცდენის გამო მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

გენეტიკური კოდი

1991-96 წლებში ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებიან ახალი ჯგუფები. „ტაქსის“ დაშლის შემდეგ დადა დადიანი Children’s Medicine-ს და Georgian Dance Empire-ს აყალიბებს. „საბავშვო მედიცინაში“ მასთან ერთად ირაკლი ჩარკვიანიც უკრავს. მალე ის გერმანიაში გაემგზავრება და ქართული ალტერნატიული სცენის მეფედ გასახდომად პირველ ნაბიჯებს გადადგამს – თავის სადებიუტო ალბომს Svan Songs-ს ჩაწერს. გოგლიკ ფარეშიშვილი, გოგი ძოძუაშვილი და ლევან ჯავახიშვილი კი Mother on Mondays-ს ქმნიან, პირველ ქართულ ბენდს, რომელიც ელექტროპოპს უკრავს. „კონტრაბანდა“ თავდაპირველად კლასიკური პანკის, ოდნავ მოგვიანებით კი ჰარდკორის მიმართულებით მუშაობს. „ენერგორესურსის“ მუსიკა კი პოსტ პანკისა და ფრი ჯაზის საინტერესო სინთეზს წარმოადგენს, ატონალური ელემენტებით, რომლებიც მისი წევრების მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის პირდაპირი შედეგი იყო. გასაკვირი არ არის, რომ ამ ჯგუფმა სულ ერთი წელი იარსება. მისი ექსტრავაგანტული ფრონტმენი დათო მარგიანი (მარგო) მოგვიანებით საქართველოში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუშებს ქმნიდა. სამწუხაროდ, 2010 წელს ის ტრაგიკულად დაიღუპა. Плякса რუსულენოვანი ჯგუფი იყო, რომლის სასცენო იმიჯი Bauhaus-ისას ჰგავდა, სიმღერებს კი Аукцыон-ის გავლენა ეტყობოდა. მისი წევრების თინეიჯერული ასაკის მიუხედავად, ამ კოლექტივის კონცერტები ყოველთვის უზადო პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ცივ და დეპრესიულ პოსტ პანკს ასრულებდა გია თოიძის ჯგუფი „ამორალი“. ამავე სტილში, ოღონდ სინთპოპის ელემენტების დამატებით წერდა მუსიკას დევი სკანაძე, იგივე კუმლე. გიგა მიქაბერიძის ჯგუფი Over Balance კი ქართულენოვან გრანჟს უკრავდა. ოდნავ მოშორებით დგას Afternoon Version, იმ პერიოდის ალბათ ყველაზე უფრო დაუფასებელი ქართული ჯგუფი, ცოცხალი ინსტრუმენტებითა და ელექტრონული ბიტებით შექმნილი ექსპერიმენტული კომპოზიციებით Champagne Gold, Together და Kardena. ქუთაისში ალტერნატიული მუსიკა ორი მიმართულებით ვითარდება. რობი კუხიანიძის მიერ დაწყებულ „პანკ რევოლუციას“ „ბუნკერი“, გოგა ჟორჟოლაძე, Best History და „არქეოპტერ X“ უერთდებიან. გეტოებში კი ჰიპ-ჰოპი იკრებს ძალას – ბაჯუ, შავი პრინცი და ჩიი პირველ ქართულ რეპ კომპოზიციებს წერენ. ამ პროცესებს აქტიურად აშუქებდა საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი და განსაკუთრებით მისი „გურუ“ სერგი გვარჯალაძე, რომელიც კარგად ერკვეოდა თანამედროვე მასკულტურის ნიუანსებში და საკუთარი გადაცემებით დასავლური სტანდარტების დამაკმაყოფილებელი არტ-გარემოს შექმნას ცდილობდა. ცალკე აღნიშვნას საჭიროებს მისი მუსიკალური პროექტები „სახლი“ და განსაკუთრებით Genetic Code, 90-იანების ქართული ანდერგრაუნდის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერით Artificial Love.

ახალგაზრდული სუბკულტურა ნელ-ნელა იზრდებოდა და მისი წევრებიც თანდათან რაღაც გაგებით სექტას ემსგავსებოდნენ. ამ „სექტას“ საკუთარი ლეგენდებიც ჰქონდა. ერთ-ერთის თანახმად, „კონტრაბანდას“ ფრონტმენი ბესელა რაზმაძე, პანკის კარიერის არჩევამდე ძველი ბიჭი იყო და თავად დევნიდა ყურგახვრეტილ და გრძელთმიან თანამოძმეებს. ერთ მშვენიერ დღეს რუსთაველზე მოსეირნე „ენერგორესურსის“ მუსიკოსები სანდრო კაპანაძე (კირპიჩა) და დათო თოიძე, უცნაური შესახედაობის გამო პოლიციის განყოფილებაში წაუყვანიათ, სადაც მათ ქუჩური გარჩევის გამო დაკავებული ბესელა დახვდათ. სანდროს და დათოს გარეგნული იერით აღშფოთებულმა ბესელამ პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა მუსიკოსები ჭკუის სასწავლებლად მის კამერაში შეეყვანათ. როგორც ჩანს, თანამშრომლების პრინციპები ამ საკითხში ბესელას იმდროინდელ შეხედულებებს ემთხვეოდა და მათაც სიამოვნებით შეუსრულებიათ მისი თხოვნა. დღემდე საიდუმლოებითაა მოცული, რა საუბარი შედგა მათ შორის კამერაში ერთმანეთის პირისპირ დარჩენის შემდეგ, მაგრამ იმ დღის შემდეგ ბესელამ თმა გაიზარდა, ყურში ქინძისთავები გაიყარა და ხელში ელექტროგიტარა აიღო.

ბესელა რაზმაძე (კონტრაბანდა) ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ალტერნატიული მუსიკისადმი მზარდი ინტერესის შემხედვარე, პროცესებში ჩართვა პოლიტიკურმა წრეებმაც გადაწყვიტეს. პოლიტიკოსების უმეტესობას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა დასავლური კონტრკულტურის შინაარსსა და მის ისტორიაზე, მაგრამ ზოგიერთებმა ყურმოკვრით იცოდნენ პოპკულტურასა და პოლიტიკას შორის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს, სწორედ ამ თანამშრომლობის სურვილმა შემოგვინახა ისეთი კურიოზული სახელწოდების მქონე საკონცერტო პროექტები, როგორებიცაა მაგალითად „როკი ფონოგრამის და შიდსის წინააღმდეგ“, „როკი დემოკრატიისთვის და სიგარეტისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ“, „როკი სამართლიანი არჩევნებისა და თავისუფალი სექსისთვის“ და ა.შ. თუმცა პოლიტიკოსები მალე მიხვდნენ, რომ ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობისთვის (და მათთვისაც) გაუგებარი ჯგუფების მხრიდან „მხარდაჭერას“ არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა. ცოტა ხანში კი ისიც ნათელი გახდა, რომ ქართული საზოგადოების მხრიდან თანამედროვე მასობრივი კულტურის მიღების მოლოდინი, რამდენიმე თბილისელი და ქუთაისელი ხელოვანის ილუზია იყო. ამის შემდეგ ანდერგრაუნდის ცნება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. რეპრესიული სისტემა ნაწილობრივ ქუჩამ ჩაანაცვლა, ნაწილობრივ კი ახლადგაჩენილმა კერძო ბიზნესმა, რომელიც სავსებით ლოგიკურად თვლიდა, რომ მუსიკა ბაზრის მოთხოვნების მიხედვით უნდა განვითარებულიყო.

ქიშომ, დადამ, Mother on Mondays-ის და, მოგვიანებით, After­noon Version-ის ბიჭებმა გაიაზრეს, რომ აქ საშინელი სტაგნაცია იწყებოდა და სამუშაოდ ჩამოყალიბებული მუსიკალური ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებს მიაშურეს. მცირე ხნით წავიდა სერგი გვარჯალაძეც. საქართველოში დარჩენილებმა სხვადასხვაგვარი სტრატეგია აირჩიეს. ირაკლი ჩარკვიანი მასკულტურის პროდუქციისთვის კონტექსტის შეცვლის გზას დაადგა და იმავე პერიოდის ნიკ ქეივის სტილში (Murder Ballads, The Boatman’s Call) დაიწყო მუშაობა. ამ სტრატეგიამ გარკვეულწილად გაამართლა – მომღერალმა სიცოცხლეშივე საკულტო სტატუსი მოიპოვა. რობი კუხიანიძის სიმღერებმა უფრო კამერული ჟღერადობა შეიძინეს. მისი ადრეული შემოქმედებისთვის დამახასიათებელი სიბრაზე და აგრესია შეინიღბა, მაგრამ ბრძენი ობივატელის მოტყუება არც ისე ადვილი აღმოჩნდა – „აუტსაიდერის“ მუსიკა ისევ იატაკქვეშეთში დარჩა. რაც შეეხება ლადო ბურდულს, მას საკუთარ სტრატეგიაში არაფერი შეუცვლია. ცხოვრება ისევ ვირტუალურ ანდერგრაუნდში განაგრძო, საკუთარი ბინა კი ალტერნატიული მუსიკის კონცერტებსა და დიზაინერთა ჩვენებებს დაუთმო.

Afternoon Version

1994 წელს თბილისურმა ანდერგრაუნდმა აქციების და კონცერტების ჩასატარებლად გაუქმებულ აბრეშუმის ფაბრიკას მიაშურა. ნახევრადდანგრეული შენობის ისედაც პოსტცივილიზაციურ, აპოკალიპტურ გარემოს ექსპერიმენტული ხელოვნება და ალტერნატიული მუსიკა ორგანულად შეერწყა და ის წლების მანძილზე კონტრკულტურის წარმომადგენელთა საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. ოდნავ მოგვიანებით რესპუბლიკის მოედნის ქვეშ კლუბი „აურა“ გაიხსნა, ლესელიძეზე მდებარე ერთ-ერთი შენობის გრძელ და ვიწრო სარდაფში კი კლუბი UR. ორივე დაწესებულებაში ქართული ჯგუფების ლაივები ტარდებოდა. როგორც ჩანს, მათ მეპატრონეებს მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი გეგმები ჰქონდათ და ახალგაზრდა ტალანტების კომერციულ რელსებზე გადაყვანას ცდილობდნენ. თუმცა ქართულ შოუბიზნესში თანამედროვე მარკეტინგული მეთოდების დამკვიდრების ეს მცდელობები ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. 1996 წელს თბილისში ორი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა – „ხელები“ კლუბ „ყაზბეგში“ და „მარგარიტა 96“ ვაკის პარკში, რომელზეც ფაქტობრივად 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის შეჯამება მოხდა. ფესტივალში მონაწილეობა ქვეყანაში მოღვაწე თითქმის ყველა მუსიკოსმა მიიღო. ალტერნატიული მუსიკისთვის ორი დღე გამოიყო. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ Outsider, ირაკლი ჩარკვიანი, „33ა“, Mother on Mondays, „კონტრაბანდა“, „ამორალი“, Afternoon Version, დიმა დადიანი და „ოქროს კბილი და ცაცხვი“. ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარეც მუსიკათმცოდნე და 80-იანი წლების ლეგენდარული ტელეგადაცემის „ეს ესტრადაა“ წამყვანი ევგენი მაჭავარიანი იყო, საუკეთესო ალტერნატიულ ჯგუფად “აუტსაიდერი” დაასახელა.

„მარგარიტა 96“ ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და, ამავდროულად, მისი პირველი ეტაპის დასასრულის დასაწყისი იყო. ფესტივალის შემდეგ ამ სუბკულტურის აქტივობამ კლება დაიწყო და ახალი საუკუნის დასაწყისისთვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის სრულიად შეწყდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ნათელია, რომ 90-იანებისთვის დამახასიათებელ ყოფით სირთულეებთან თუ ელემენტარული საკონცერტო ინფრასტრუქტურის არარსებობასთან ერთად, ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკუთარი ტრადიციის უქონლობა იყო. ამერიკული თუ ბრიტანული ჯგუფები ღირებულებათა მკაცრად განსაზღვრულ სისტემაში მოქმედებენ. ისინი გარკვეულ ვალდებულებას გრძნობენ წინამორბედების წინაშე, კონკრეტულ ათვლის სისტემაზე არიან ორიენტირებულები და მრავალწლიან ტრადიციას აგრძელებენ. ჩვენი მუსიკოსები კი არანაირი ათვლის სისტემით არ იყვნენ შეზღუდულები და თავადვე იყვნენ ტრადიციის ფუძემდებლები.

პლяკსა

90-იანების შემდეგ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ქართული მუსიკა აპათიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები, ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო ჯგუფის გამოჩენა და ხშირი კონცერტები, ალტერნატიული მუსიკის მეორე ტალღის დასაწყისად შეიძლება მოვნათლოთ. დღევანდელი ახალგაზრდებიც სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან იმ ბნელ წლებში შექმნილი სიმღერებით და დღეს უკვე ლეგენდარული მუსიკოსებით. ათვლის სისტემა უკვე შექმნილია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები