ათონელის რეზიდენცია

თოფაძე : აფრიკული ქვეყანა არ ვართ და ყველაფერს ცივილურად გადავწყვეტთ

Gogi Topadze
Tabula

აფრიკის ქვეყანა ხო არ ვართ, ცივილური ქვეყანა ვართ და ალბათ ათონელის რეზიდენციაზე მოხდება რაღაც შეთანხმება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ განაცხადა.

"პრეზიდენტის ექსპერტები და მისი გუნდი არაერთხელ იყო მოსული ათონელის რეზიდენციაში და ნახეს რა კეთდება, მოწონებული იყო ეს ვარიანტი. თუ იმას გავიანგარიშებთ, რომ ძალიან ძვირი ჯდება ამ გაჭირვების დროს ამ შენობის შენახვა და როგორც მე ვიცი, თვითონ პრეზიდენტის თანხმობა იყო იქ გადასვლაზე, ალბათ უფრო მისაღებია, რომ გადავიდეს. მშვენიერი შენობაა, კარგად გაკეთებულია, ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება, ნებისმიერი სტუმრის მიღებაა შეიძლება. რადგან არის ეს აზრი და სურვილი ხელისუფლების და ყველასი, რომ გადავიდეს პრეზიდენტი იქ, მიმაჩნია, რომ უმჯობესია გადავიდეს“, - განაცხადა თოფაძემ.

თოფაძის განცხადებით, პრეზიდენტს ათონელის რეზიდენციაში ძალით არავინ გადაიყვანს, რადგან საქართველო აფრიკის კონტინენტის ქვეყანა არაა და აქ ყველაფერი ცივილურად წყდება.

მთავრობას რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შენობა პრეზიდენტისთვის იყო გათვლილი და მის რემონტში დახარჯული თანხის ამოღება რთული იქნება.

მთავრობისაგან განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლის საკითხზე მსჯელობენ. მმართველი კოალიციის წევრების თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ინტერესებზე უნდა იფიქროს და ახლადაშენებულ რეზიდენციაში გადავიდეს.

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსებულიყო, თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლაზე საბოლოოდ უარი თქვა. შენობა იმ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, რომლების გაყიდვითაც ხელისუფლება სავალუტო კრიზისიდან გამოსვლას გეგმავდა. განიხილება მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, ათონელზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსდება, უწყების ახლანდელი შენობა კი გაიყიდება. ათონელის რეზიდენციის რემონტისთვის 26 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

კომენტარები