დაკავებული სპეცრაზმელები

ნადირაშვილი: ნაკანის თქმით, თუ გლდანის ციხეში დააბრუნებენ, არტერიას გადაიჭრის

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ირმა ნადირაშვილმა და გედევან ფოფხაძემ კახა ნაკანი ციხის მე-18 საავადმყოფოში მოინახულეს. საპატიმროს დატოვების შემდეგ ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ თუ კახა ნაკანს კვლავ გლდანის საპყრობილეში დააბრუნებენ, ის საძილე არტერიას გადაიჭრის. დეპუტატის თქმით, ისინი ნაკანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწესებულების მთავარ ექიმსაც ესაუბრნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ თვითდაზიანების შედეგად ღრმა ჭრილობები აქვს მიყენებული და სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ 10 დღის განმავლობაში დარჩება.

"კახა ნაკანი ითხოვს, ჰქონდეს ის, რაც კანონით ეკუთვნის. კანონით კი მას, როგორც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, ეკუთვნის მატროსოვზე გადაყვანა. იგი აცხადებს, რომ კრიმინალებთან ერთად არ უნდა იმყოფებოდეს გლდანის #8 დაწესებულებაში, სადაც ხდება მასზე მუდმივი ზეწოლა და სწორედ აქედან გამომდინარე გადაიჭრა ვენები, რათა მიექცია ხელისუფლების ყურადღება. კახა ნაკანი აცხადებს, რომ თუ კვლავ დააბრუნებენ #8 დაწესებულებაში კრიმინალებთან ერთად, ის გადაიჭრის საძილე არტერიას. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ ეს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა კრიმინალებს, არ მოათავსონ კრიმინალებთან, სადაც ხდება მასზე ზეწოლა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ კახა ნაკანი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 

სპეცრაზმის ჯგუფის ყოფილი მეთაური, კახა ნაკანი პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და სპეცრაზმელებთან ერთად ე.წ. კორტების ოპერაციისას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის გლდანის ციხეშია მოთავსებული და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს. მან რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა.  

კომენტარები