სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრემიერმინისტრი გადადგომას აპირებს

Park Chul-hong / AP

სამხრეთ კორეის პრემიერმინისტრი ლი ვან კოო გადადგომას აპირებს, გადაწყვეტილებას კი ქვეყანაში ატეხილ პოლიტიკურ სკანდალს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ბიზნესმენი სუნ ვან იონგი, რომლის წინააღმდეგაც თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თვის დასაწყისში სეულში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობამდე ვან იონგმა წერილი დაწერა, სადაც ის თაღლითობაში მონაწილე ადამიანების სახელებს და თანხის იმ რაოდენობას ასახელებს, რომელიც მათ აიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის კი ლი ვან კოოც არიან.

ლი ვან კოოსა და წერილში ნახსენები დანარჩენი შვიდი პოლიტიკოსის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პრემიერმინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს და, ამასთან, გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად სრულ მზადყოფნას აცხადებს.

თავისი გუნდის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ქვეყნის პრეზიდენტი, პაკ ინ ჰეც გამოეხმაურა.

"კორუფცია ძალიან მძიმე დანაშაულია, ჩვენ ამ საკითხს სრული სერიოზულობით ვეკიდებით და მე პირადად, კორუფციაში მონაწილე პირების შეწყალებას არ ვაპირებ", - განაცხადა პაკ ინ ჰემ.

კომენტარები