თბილისის მერია

ნარმანია: კომპანიებს თუ აქვთ საქმის კეთების თავი, აკეთონ ისე, როგორც საჭიროა

თბილისის მერია

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. შეხვედრას საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ. სევდია უგრეხელიძის თქმით, ის დინამოს სტადიონის რეკონსტრუქციითა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა, თუმცა პასუხები ვერ მიიღო.

"დინამოს სტადიონის რეკონსტრუქციის სამუშაოებში ჯამში უკვე 15 მილიონია დახარჯული, ხოლო ოლიმპიადაზე წელს უკვე 76 მილიონამდე ავდივართ. ასე სწრაფად, როგორ მოხდება მათი ოპტიმალური ხარჯვა და ხომ არ ექნება ადგილი კორუფციას? ასევე, ხომ არ მოაკლდება ეს ყველაფერი ამ ღონისძიებების ჩატარების დონესა და ხარისხს? თბილისში, რომ ინფრასტრუქტურა ასეთ მდგომარეობაშია, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, როგორც ჩანს, ამაზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ, ვინაიდან მერმა განაცხადა, რომ ისინი თათბირის რეჟიმში გადადიან, რაც ჩემთვის იყო ნიშანი, რომ უნდა დამეტოვებინა მთავრობის სხდომა", - განაცხადა უგრეხელიძემ.

თბილისის მერმა კი, მთავრობის სხდომაზე ის კომპანიები გააკრიტიკა, რომლებიც სხვადასხვა გაყვანილობების მონტაჟის დროს ინფრასტრუქტურას აზიანებენ და მათ შეკეთებას დიდ დროს ანდომებენ.

"არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი კომპანიები, რომლებსაც კომუნიკაციები გაჰყავთ ქალაქში, ქალაქის უბნებს თხრიან და გაჰყავთ სადენები, მილები და ა.შ. ხშირია შემთხვევები, როდესაც დღეების, კვირების განმავლობაში ამოღებული ტერიტორია რჩება ასე. თუ აქვთ საქმის კეთების თავი, აკეთონ ისე, როგორც საჭიროა, სხვა შემთხვევაში ის, რაც ჩვენი ბრალი არ არის, არ უნდა დავიბრალოთ. ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კომენტარები