იური ვაზაგაშვილის საქმე

ჯოგლიძე: ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე გენინსპექციის უფროსის დნმ-ა

თეორემა/ტაბულა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატ სოსო ჯოგლიძის განცხადებით, დნმ-ს ნიმუში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს და რომლის იდენტიფიცირებაზეც გამოძიება მუშაობს, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს ეკუთვნის. ამის შესახებ სოსანაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს ადვოკატმა პროკურატურაში შეიტანა.

ჯოგლიძის თქმით, სოსანაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის 6 თებერვალს მისგან დნმ-ს სინჯები აიღეს, რომლის გაყალბებით გადატანა მოხდა ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას. სოსანაშვილის მტკიცებით, მას დნმ-ს ნიმუში საკუთარ კაბინეტში გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა როინ ასანიძემ აუღო და შემდეგ აფეთქების ადგილას გადაიტანა, სადაც ასანიძის კვალიც დარჩა.

ადვოკატის თქმით, სოსანაშვილი აცხადებს, რომ ის გენინსპექციაში თავდაპირველი დაბარების შესახებ დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას და კიდევ ერთ პირს, რომელსაც ჯერჯერობით არ ასახელებს და დაბარების შესახებ აცნობა.

"ამ პირმა, რომელსაც გია სოსანაშვილი ჯერჯერობით არ ასახელებს, უთხრა, რომ როდესაც გენინსპექციიდან გამოვიდოდა, დაერეკა და მოეყოლა თუ რა მოხდებოდა. სოსანაშვილი მას დაუკავშირდა და მოუყვა, რომ დნმ-ს ნიმუში აუღეს. ეს პირი, რომელზეც სოსანაშვილი საუბრობს, არის პრემიერთან დაახლოებული პირი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის საჭიროების შემთხვევაში მისი ვინაობა დაასახელოს", - თქვა ადვოკატმა.

სოსო ჯოგლიძემ პროკურატურას შუამდგომლობითაც მიმართა, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს აუღონ დნმ-ს ანალიზი მხარეთა თანდასწრებით. ასევე სოსანაშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ სოსანაშვილი ხელმეორედ დაკითხონ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქდა.

კომენტარები