პრემიერი რეგიონებში

პრემიერი: მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით გაავაქტიუროთ რეგიონებში პროცესები

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში მცხეთა-მთიანეთის განვითარების პროექტი მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინა. პრემიერმინისტრის თქმით, ეს რეგიონი  მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რაც სოფლის დაცლაში გამოიხატება. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მხარეში ჰიდროენერგეტიკის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. პრემიერის თქმით, მთავრობა რეგიონში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ რეგიონს მეცხოველეობისა და მეკარტოფილეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მცხეთა- მთიანეთში მეკარტოფილეობის განვითარებისთვის პატრიარქთანაც ჰქონდა საუბარი, რომლის თქმითაც, ყაზბეგის კარტოფილი ეკოლოგიურად სუფთაა, რის გამოც სახელმწიფომ ამ ყაზბეგში ამ დარგის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით გაავაქტიუროთ რეგიონებში პროცესები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტი აქტივობა და ჩართულობა იყოს რეგიონში. უფრო მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ. საქართველოს რეგიონებს აქვთ უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენ გვაქვს რესურსები, რომელიც არის გამოუყენებელი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს რესურსები, თითოეული რეგიონის რესურსი არ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტიანად. ამაში, რა თქმა უნდა, მთავრობას სჭირდება ბიზნესის თანადგომა. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პოტენციალის ათვისება. ჩვენ ვიცით, თუ რა სჭირდება მცხეთა-მთიანეთის რეგიონს. უკვე არსებობს გეგმები, თუ რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ეს რეგიონი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველგან, სადაც ამას საჭიროება მოითხოვს, აღვადგინოთ, კონსერვაცია გავუკეთოთ ჩვენს ძეგლებს, იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის. გუდაურს და საერთოდ ამ რეგიონს, ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ბიზნესმენებს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად დაინტერესდეთ, ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

რეგიონების განვითარების პროგრამით მთავრობა სუბსიდირების გზით ცდილობს გაზარდოს რეგიონების ეკონომიკური აქტივობა, თუმცა ამგვარი პროექტები მაღალი ეკონომიკური სარგებლით არ გამოირჩევიან. ამის მაგალითს საქართველოც წარმოადგენს - სოფლის მეურნოებაში ჩადებული 240 მილიონის მიუხედავად, 2014 წელს სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ზრდა მინიმალური იყო, ხოლო თავად სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში გასული წლების განმავლობაში არ გაზრდილა, მეტიც - შემცირდა.

კომენტარები