ელექტროენერგიის ტარიფი

ენერგო პრო ჯორჯია სემეკს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას სთხოვს

10 სექტემბერს გაირკვევა, გაძვირდება თუ არა თბილისისა და კახეთის გარდა, მთელი საქართველოსთვის ელექტროენერგიის ტარიფი. ქვეყნის ყველაზე მსხვილმა ელექტრსადისტრიბუციო კომპანია ენერგოპრომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომპანიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართა. ენერგოპროს განმარტებით, მათ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდა, რის გამოც არსებული ტარიფი რეალურ საბაზრო ფასზე ნაკლებია, თუმცა ენერგოპრო ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებს თუ რა არის მათთვის მისაღები. ენერგოპროს სახელმწიფო 60 მილიონ დოლარსაც ედავება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ტარიფის ზრდას არ უკავშირდება.

სემეკში აცხადებენ, რომ ისინი ენერგოპროს მოთხოვნას შეისწავლიან, რისთვისაც მათ დაახლოებით ექვსთვიანი ვადა აქვთ. ამასთანავე სემეკში ამბობენ, რომ მათთან ტარიფის კორექტირების მოთხოვნით საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და მტკვარი ენერგეტიკამაც შეიტანა განაცხადი.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, სამინისტრო მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება და შედეგად მიიღებს სათანადო მოქმედების გეგმას. ენერგეტიკის სამინისტრო კახეთის ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის სუბსიდირებას უკვე ახდენს. სამინისტრო ასევე ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირებასაც ეწევა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წვერის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კრიზისია, რაც ეკონომიკაში არასწორი ეკონომიკური მოდგომის შედეგია

დღეისათვის ელექტროენერგიის ფასი, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიები ყიდულობენ წინა წელთან შედარებით 2 თეთრით არის გაზრდილი და ერთ კილოვატ საათზე 15 თეთრს შეადგენს, რაც მრავალი მიზეზით, მათ შორის ბუნებრივი აირის გაძვირებითა და სახელმწიფოს მიერ ელექტროსადენებით მომსახურებაზე ფასის ზრდითაა გამოწვეული.

კომენტარები