ანტიკორუფციული კომისია

ენმ ხვალ გურჯაანში აქციას აღარ გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ გურჯაანში აქციას აღარ გამართავს. ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ღვინიაშვილის თქმით, აქციის გაუქმების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი კონტრაქციაა.

"ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ხვალ გუბერნატორის დავალებით, რეგიონის მასშტაბით იგეგმება საჯარო მოხელეთა მობილიზება, რათა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციას დაუპირისპირონ. მე, როგორც რაიონის დეპუტატი, არ დავუშვებ გურჯაანელებს შორის მოხდეს დაპირისპირება, რადგან ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს პროვოკაცია. ჩვენ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით პოლიციის უფროსთან დაკავშირებას, რომ უზრუნველეყო მშვიდობიანი აქციის მინაწილეების უსაფრთხოება, თუმცა ამის გარანტია ვერ მივიღეთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი აქცია გავაუქმოთ, თუმცა, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ანტიკორუფციული კომისიის ფარგლებში", - თქვა ღვინიაშვილმა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა.

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უხვად დაარიგა წინასაარჩევნო დაპირებები. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დაპირებები დავიწყებას მიეცა. უფრო მეტიც, განვითარების ნაცვლად საქართველო ორნახევარწელიწადში უკან წავიდა. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ეკონომიკური ზრდა შენელდა, ბიუჯეტი გაირღვა, უმუშევრობა გაიზარდა, მოსახლეობამ გაიხსენა ისეთი დავიწყებული ცნებები, როგორიცაა ნეპოტიზმი და კორუფცია.

სწორედ ამ საკითხებზე მონიტორინგისთვის ენმ-ის დეპუტატები და აქტივისტები აკონტროლებდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობების საქმიანობას და ამ საკითხებზე აგროვებდნენ მოსახლეობიდან ინფორმაციას. ჩვენი მიზანი იყო გამოგვევლინა და სააშკარაოზე გამოგვეტანა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემები და საზოგადოების ხმა მკვეთრად მიგვეტანა ხელისუფლებამდე. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ეს მოვახერხეთ.

მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, გურჯაანში ანტიკორუფციულმა ბიურომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია. გურჯაანელების მიერ მოწოდებული მასალით ცხადი გახდა, რომ ჩვენი რაიონი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ იქცა.

მთავრობის რეაქცია ჩვენს ამ საქმიანობაზე იყო სამარცხვინო და არაადეკვატური. გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ის, რაც საქართველოს საზოგადოებამ იხილა, არ იყო გურჯაანისა და გურჯაანელების, არამედ მხოლოდ ხელისუფლების სახე. კვერცხების სროლა, დაპირისპირება, ხალხის პროვოცირება - ესაა ხელისუფლების ერთადერთი პასუხი და გზავნილი ხალხის მხრიდან მათ მხილებაზე.

ჩვენ არ ვაპირებთ მათი თამაშის წესებით თამაშს. გურჯაანის მაგალითმა უჩვენა, რომ ანტიკორუფციული ბიუროები ყველგან უნდა შეიქმნას.

ჩვენ მოვერიდეთ ხალხმრავალი აქციით ურთიერთდაპირისპირების გზას, რადგან ჩვენი მიზანი ხალხის გაერთიანება და განვითარებაა.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ხელისუფლების მხილებას. ჩვენ გამოვიყენებთ კანონიმდებლობით დაშვებულ ყველა ზომას, რათა საზოგადოების წნეხის ქვეშ ვამყოფოთ მთავრობა. სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში, მაქსიმალურად შევუზღუდოთ მათ ხალხის იგნორირების შესაძლებლობა და საბოლოო ჯამში კონსტიტუციური გზით გავუშვათ სახლში ივანიშვილის ხელისუფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები