ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში

პატრიარქი ლუკაშენკოს: გვიხარია, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამოცდილებას უზიარებთ

ტაბულა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. მათ მისასალმებელ სიტყვაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ილია მეორეს თქმით, მას ბევრი კარგი სმენია ლუკაშენკოზე და მოხარულია, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას გამოცდილებას გაუზიარებს. 

"ბევრი გვსმენია თქვენზე და გვიხარია, რომ საქართველოში ჩამოხვედით და შეგიძლიათ, ჩვენს ხელისუფლებას თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ. კარგად ვიცნობთ ბელარუსს, მის ისტორიას, კულტურასა და იმ მიღწევებს, რასაც თქვენი მმართველობისას მიაღწიეთ. ვაცნობიერებთ თქვენი ვიზიტის მნიშვნელობას. ვფიქრობთ, ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას", - თქვა პატრიარქმა.

ბელარუსის პრეზიდენტმა კი კონფლიქტებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს ამ ტკივილის დავიწყებას. 

"ჩვენი ერები ყოველთვის ახლობელი იყვნენ და თქვენი ტკივილი საქართველოს მთლიანობასთან დაკავშირებით ჩვენთვის ახლოა. არ ჩავუღრმავდები ამ საკითხის ისტორიას, თქვენ ის კარგად იცით, ასევე ჩვენი პოზიციაც. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყოს ეს დღეები და ისტორიის გვერდი გადაფურცლოს. სამწუხაროა, რომ ჩვენ - მართლმადიდებელ ერებს ეს ფურცლები გაგვიჩნდა. მაგრამ ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ, ყველაფერი კარგად გვესმის და მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. ჩვენ შევთანხმდით თქვენს ხელისუფლებასთან, რომ უახლოეს მომავალში მაქსიმალური ძალისხმევით შევეცდებით, გადავლახოთ ეს მოვლენები. დარწმუნებული ვარ, რომ ამის ძალა გვაქვს", - უთხრა პატრიარქს ლუკაშენკომ.

კომენტარები