პრემიერი: არავითარი გზავნილი ბატონ ლუკაშენკოს არ ჩამოუტანია

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობა ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებას გეგმავს. მიწვევა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგან პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მიიღო. ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ ის კარგად ორგანიზებული იყო.

"აქვე, მედიაში გაისმა რაღაც კითხვები და დაიწყო სპეკულაციები. არავითარი დაფარული ჩვენ არ გვქონია, არავითარი გზავნილი ბატონ ლუკაშენკოს არ ჩამოუტანია. ეს ყველაფერი იყო საჯარო და გამჭვირვალე. ეს იყო ძალიან კარგი, მეგობრული ვიზიტი და კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ჩვენ მივიღეთ მიწვევა და საქართველოს მთავრობა გეგმავს, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს ბელარუსს. ეს კიდევ უფრო წაადგება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს - ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თუ სხვა", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით 23 აპრილს ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პატრიარქს, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. დღეს კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება და დელეგაციასთან ერთად საქართველოს დატოვებს. 

ბელარუსის პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით უცვლელია. მისივე თქმით, "მე და პრეზიდენტი მარგველაშვილი რეალისტები ვართ და ჩვენ შევთანხმდით - მოდი გავავლოთ ზღვარი და შევხედოთ ხვალინდელ დღეს. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ნორმალიზდეს და გაღრმავდეს ურთიერთობები საქართველოს, ბელარუსსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ვფიქრობ, უახლოეს დროში ჩვენ მოვძებნით თუნდაც ერთ პასუხს პატარა კითხვაზე, რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შეწყდეს ეს რიტორიკა, არამედ დავუახლოოთ სახელმწიფოს პოზიციები ერთმანეთს და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ოდესღაც ვცხოვრობდით".

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია. სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები