ბელარუს-საქართველოს ურთიერთობა

ბელარუსი და საქართველო ადასტურებენ ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. დოკუმენტი 15-პუნქტიანია და ის საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებს ასახავს. განცხადების მიხედვით, მხარეები ადასტურებენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემას.

"მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აქვთ ერთნაირი დამოკიდებულება საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემების მიმართ და ადასტურებენ  საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ერთგულებას. ემხრობიან გაეროს როლის გამყარებას თანამედროვე გამოწვევის - მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისა და ამ მიზნით წინააღმდეგობის გაწევის საქმეში.მხარეები ადასტურებენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემას, ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის მიუღებლობას სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს ორმხრივი ურთიერთობისათვის იურიდიული ბაზის შესაქმნელად - ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, გადასახადების გადახდის, დანაშაულთან ბრძოლის, სასაზღვრო სამსახურებისა და სხვა სფეროებში.

დოკუმენტის რამდენიმე პუნქტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას ეხება. ბელარუსის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგა სახელმწიფო ვიზიტითაც მიიწვია. 

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრ ლუკაშენკო, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უკვე შეხვდა პრემიერმინისტრსა და პატრიარქს. ბელარუსის პრეზიდენტის 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტი დღეს ბათუმში სტუმრობით დასრულდება.

კომენტარები