სომეხთა გენოციდი

სომხეთში მასობრივი მკვლელობების მე-100 წლისთავი აღნიშნეს

სომხეთის დედაქალაქში გენოციდის მე-100 წლისთავს აღნიშნავენ. ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია მემორიალურ კომპლექს ციცერნაკაბერდში ჩატარდა. მას საფრანგეთის, რუსეთის, კვიპროსისა და სერბეთის პრეზიდენტები, ასევე მრავალი ქვეყნის დელეგატები ესწრებოდნენ. სომხეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკომპრომისო ბრძოლა გენოციდის აღიარებისთვის და კაცობრიობის წინააღმდეგ სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ქვეყნის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

"მადლობელი ვართ მათი, ვინც კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისადმი, ვინც 100 წლის შემდეგაც ამბობს, რომ არაფერი დაავიწყდა. გუშინ სომხურმა ეკლესიამ გენოციდის მსხვერპლთა კანონიზაცია მოახდინა, ისინი აღარ არიან მსხვერპლნი, ისინი წმინდანები არიან", - განაცხადა სარგსიანმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი თარიღი შეხსენებაა მთელი კაცობრიობისთვის, რომ უმცირესობების, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების შევიწროება არ უნდა დაუშვას.

"სომეხთა გენოციდის ასი წლისთავის აღნიშვნა საფრანგეთისთვის ვალია, რადგან ვალდებულები ვართ, გავიხსენოთ დაღუპულები და ახალ თაობებს შევახსენოთ ამ ტრაგედიის შესახებ. სომეხთა გენოციდის ასი წლისთავი არის მოწოდება შერიგებისკენ. თურქეთში უკვე ითქვა მნიშვნელოვანი სიტყვები და სხვა მნიშვნელოვან სიტყვებსაც ველოდებთ, რადგან საერთო ტკივილი შეიძლება გამაერთიანებლად იქცეს", - თქვა ფრანსუა ოლანდმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კი თავის გამოსვლაში ანტისემიტიზმი და რუსოფობია ერთ კონტექსტში განიხილა და განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლებაში ნეოფაშისტები მოდიან.

"რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ არ არსებობს არანაირი გამართლება ადამიანების მასობრივი მკვლელობისთვის. მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა წარსული ტრაგიკული მოვლენები აღარ გამეორდეს, ყველა ხალხმა მშვიდობიანად იცხოვროს და რელიგიური დაპირისპირების, აგრესიული ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის საშინელება აღარ შეეხოთ", - განაცხადა პუტინმა.  

პარალელურად, თურქეთში პირველი მსოფლიო ომის გალიპოლის ბრძოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. თურქეთის ხელისუფლება ერთი საუკუნის წინ სომეხთა მასობრივ მკვლელობებს აღიარებს, თუმცა ტერმინ გენოციდის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების დროს მრავალი თურქიც დაიღუპა. სომეხთა მკვლელობის ხსოვნის ღონისძიებები თურქეთშიც გაიმართება, ქვეყნის პრემიერმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ სომეხთა ტკივილს იზიარებს, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდს ვერ უწოდებს.

კომენტარები