საყდრისი-ყაჩაღიანი

RMG: საია პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საყდრისზე ტყუილების ტირაჟირებას ცდილობს

epn.ge

საია და საპარლამენტო უმცირესობა ერთიანი ჯგუფია, რომელიც საყდრისის თემაზე სიცრუის ტირაჟირებას ცდილობს - ამის შესახებ კომპანია RMG-ის განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია RMG საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და მას მორიგ უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არაკომპეტენტური არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის საია, "საყდრისის გადარჩენის კომიტეტი" და ყაჩაღიანის თემით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ერთიან ჯგუფს, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს და მიზნად ისახავს სიცრუის ტირაჟირების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეფერხებას.

კომპანია RMG-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც 2015 წლის 24 აპრილის პრესკონფერენციაზე საია-ს მიერ გაკეთებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, ასოციაციას სურს მიმართოს პროკურატურას შპს RMG Gold-ის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე რეაგირების მოთხოვნით. გაკვირვებას იწვევს საია-ს მიერ საკითხის ამგვარი ტენდენციური ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული მუხლი დასჯადად აცხადებს არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოების წარმოებას არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედებას, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება. საია-ს განცხადებით, ვინაიდან კომპანიამ განახორციელა არქეოლოგიური ობიექტის აფეთქება სამრეწველო დანიშნულების ფეთქი მასალის გამოყენების ნებართვის გარეშე, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით გათვალსწინებული დანაშაულის ფაქტი, რაც სრულიად უსაფუძვლო და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით გაკეთებული განცხადებაა. ის ფაქტი, რომ 2014 წლის 13 დეკემბრისათვის კომპანიას გააჩნდა არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) ნებართვა, იმთავითვე გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობას. არქეოლოგიური ობიექტი დაშლილი (აღებული) იქნა როგორც აფეთქების, ისე სპეცტექნიკის გამოყენებით. სამრეწველო დანიშნულების ფეთქი მასალის ნებართვის გარეშე გამოყენებისათვის "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" შესახებ კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 19.12.2014 წ. დადგენილების საფუძველზე აღნიშული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიება კომპანიის მიმართ გატარდა. კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ვითომდაც კომპეტენტური და ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის საია, "საყდრისის გადარჩენის კომიტეტი" და ყაჩაღიანის თემით დაინტერესებული პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ერთიან ჯგუფს, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს და მიზნად ისახავს სიცრუის ტირაჟირების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეფერხებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები