ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

IDFI: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შეუსაბამოდ დაბალი ხელფასებია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შეუსაბამოდ დაბალი ხელფასებია. როგორც IDFI-ში აცხადებენ, ხელნაწერის ეროვნული ცენტრიდან სრულყოფილად მოწოდებული დოკუმენტაცია ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურება შეუსაბამოა საქართველოს საჯარო სამსახურში არსებულ სახელფასო პოლიტიკასთან. 

IDFI-ის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მძღოლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივ სარგოს. ასევე, NAEC-ში დასაქმებული დამლაგებელის, მეეზოვის, მებაღის თუ დამხმარე მუშის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები, დაახლოებით ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა თუ მეცნიერ თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოს.

"IDFI-ის მონაცემებით სსიპ-ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის. მაგალითისათვის, თუ ცენტრის სახელფასო ნუსხას შევადარებთ იგივე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებასთან, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნულ უწყებებში მინიმალური თანამდებობრივი სარგო 700 ლარიდან იწყება.

მაგალათად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის შტატით გათვალისწინებულია 168 ადამიანი, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შრომის ანაზღაურების ფონდს 10-ჯერ აღემატება, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობის ნახევარი მუშაობს, თუმცა მათი შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით ორჯერ მეტია", - ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

"ამავე დროს, არსებული სახელფასო ფონდის პირობებში მიმდინარე წელს ცენტრს, როგორც ჩანს არ ეძლევა საშუალება განვლილი წლების მსგავსად, გასცეს მინიმალური სახელფასო დანამატები თუ პრემიები. ამ შემთხვევაშიც საუბარია წახალისების მინიმალურ სახსრებზე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში არსებულ სავალალო მდგომარეობის რეალურ სურათს ვერ ცვლის. კერძოდ, 2014 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 88 876 ლარი. აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 46 თანამშრომელზე რაც ყოველთვიურად საშუალოდ 160 ლარს შეადგენს.  

ამავე დროს, 2014 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს (57 400 ლარი) და მის მოადგილეს ივანე მინდაძეს (34 994 ლარი) ერთად დაახლოებით იგივე თანხა აქვთ მიღებული პრემიისა თუ სახელფასო დანამატის სახით, რაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 113 თანამშრომელს ერთად აღებულს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ბუბა კუდავას, მიუხედვად არსებული მინიმალური ანაზღაურებისა (490 ლარი, ხელზე 392 ლარი) 2013-2014 წლებში სახელფასო დანამატები და პრემიები არ აუღია", - ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

IDFI მიიჩნევს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არსებული დაფინანსების პირობებში, ბიუჯეტის კლასიფიკაციის მუხლების ნებისმიერი ცვლილებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისათვის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა შეუძლებელია. მათი თქმით, უძველესი წიგნებისა და ისტორიული საბუთების საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საცავში დასაქმებულ მეცნიერებისათვის შრომის 175-490 ლარამდე ანაზღაურება ყოვლად გაუმართლებელია და სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხრიდან მეცნიერებისათვის ხელფასი 250%-ით გაიზრდა, რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებულ მეცნიერებს არ შეეხო. ისინი კვლავ არსებული დაფინანსების პირობებში ბიუჯეტის კორექტირების მოლოდინში არიან, რომელიც თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას საშუალოდ დაახლოებით 100 ლარით გაზრდის.

IDFI ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრები მოიძიონ, რათა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებულ მეცნიერ-მუშაკებს ღირსეული პირობები შეუქმნან. შეგახსენებთ, რომ მსგავსი მხარდაჭერა და დაფასება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრში ვიზიტისას, 2014 წლის 15 აგვისტოს საჯაროდ დააანონსა.

კომენტარები