ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

პეტრიაშვილი: ჩემი რჩევაა, ივანიშვილმა მთავრობის მეთაურის პოზიცია დაიკავოს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მეთაურის პოზიციას დაიკავებს. ამის შესახებ პეტრიაშვილმა იმედის ეთერში გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

პეტრიაშვილის თქმით, დღეს ქვეყანას ხელისუფლება ვერ მართავს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში უფრო და უფრო ინტენსიურად ერევა. მისი თქმით, თუ ივანიშვილი დაბრუნებას არ გეგმავს, მოსალოდნელია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა გამოცხადდეს.

"ბიძინა ივანიშვილი მართავს დღეს ქვეყანას. ხელისუფლება, უშუალოდ ვისაც ევალება მართვა, ქვეყანას ვერ მართავს. ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო ინტენსიურად, აქტიურად და ღიად ერთვება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში. ბუნებრივია, ეს მისი უფლებაა. კიდევ ერთხელ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნამდვილად ჯობია ქვეყნისთვის, დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა და ბიძინა ივანიშვილმა დაიკავოს მთავრობის მეთაურის პოზიცია და გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას.

საზოგადოების სიმშვიდისთვის ასე უკეთესი იქნება, პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის უშუალო საქმიანობაზე აიღოს პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ინვესტორებსაც ჰყავდეთ კონკრეტული ადრესატი, ვისთანაც ისაუბრებენ. არავისთვის დღეს საიდუმლო არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ძალიან ბევრ და კონკრეტულ საკითხს, ამიტომაც უმჯობესი იქნება, ის მთავრობას სათავეში ჩაუდგეს.

მე ვიყავი ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ყველაზე აქტიურად საუბრობდა ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც ის იყო პრემიერმინისტრი და ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა, რომ ის არ წასულიყო ოთხწლიანი საარჩევნო ვადის დასრულებამდე. უმჯობესი იქნება თუკი ის დაბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის ასე არ ფიქრობს, მე ვფიქრობ, რომ რეალურად მომწიფებულია სიტუაცია იმისათვის, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა გამოცხადდეს. ვინაიდან დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ნელ-ნელა პროცესი იქითკენ მიდის", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომენტარები