ნეპალი

ინდოეთში საქართველოს ელჩი დღეს ნეპალში გაემგზავრება

ტაბულა

ინდოეთში საქართველოს ელჩი დღეს ნეპალში გაემგზავრება - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კერესელიძის თქმით, ლევან ნიჟარაძე ადგლზე გაარკვევს, საქართველოს რამდენი მოქალაქეა ჩარჩენილი სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ნეპალში ტურისტული მიზნებით იმყოფებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა ინდოეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრები, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაკავშირება ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

ნეპალში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდამ 7,9 შეადგინა. მისი ეპიცენტრი დედაქალაქ კატმანდუდან 77 კილომეტრში მდებარეობდა. ამ დროის მონაცემებით, რომელსაც BBC აქვეყნებს, დაღუპულია 3 ათასზე მეტი, ხოლო დაშავებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

კომენტარები