ინტერვიუ გიუნტერ ბეხლერთან

პრემიერი: შვეიცარიელ ბიზნესმენს, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს

მთავრობის ადმინისტრაცია

"შვეიცარიელ ბიზნესმენს, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესმენის აღქმით, დავა არასამართლიან გარემოში გაგრძელდა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლას დღესვე დაავალებს შინაგან საქმეთა მინისტრს. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიიღო ინფორმაცია მარნეულში მომხდარი შემთხვევის შესახებაც.

"მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი შვეიცარიის ელჩთან, რომელიც არის ჩვენი მეგობარი და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, მის წინსვლას, პერსპექტივებს და პროგრესს. კონკრეტულად მაინტერესებდა, რას შეეხებოდა მისი წუხილი, საიდან გამომდინარეობდა. მან მითხრა, რომ ეს იყო ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია, შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ქართველი პარტნიორები და, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს შვეიცარიელი ბიზნესმენი და სწორედ ეს დავა გაგრძელდა, მისი ვარაუდით, არასამართლიან გარემოში. მას შევპირდი, რომ დღესვე დავავალებ შინაგან საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად იქნას დასჯილი. ასევე მოვისმინე კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც მარნეულში მოხდა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლით. მე მას აღვუთქვი, რომ ბიზნესგარემო საქართველოში არის აბსოლუტურად თავისუფალი და ბიზნესი არის ხელშეუხებელი", - თქვა ღარიბაშვილმა.

გიუნტერ ბეხლერის თქმით კი, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა და გამოხატეს შეშფოთება გადასახადების სისტემებთან დაკავშირებით.

"ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა საქართველოში ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ბევრ რამეზე შევთანხმდით, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაზე და მათ მხარდაჭერაზე. გამოვხატეთ შეშფოთება, ძირითადად აუდიტის, გადასახადების სისტემებთან დაკავშირებით. განვიხილეთ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა. დავინახე პრემიერმინისტრისა და მთავრობის ძალიან პოზიტიური რეაქცია. ველით, რომ გაუმჯობესდება ინსტიტუციების შესაძლებლობები, რომ ხელი შეუწყონ ბიზნესგარემოს. ამას შვეიცარია ყოველთვის მხარს დაუჭერს", - თქვა ბეხლერმა.

საქართველოში შვეიცარიის ელჩმა აპრილის დასაწყისში FINANCIAL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცხოელი ინვესტორები ჩივიან გადასახადების ან ჯარიმების გადახდის იძულებაზე, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან. მისივე თქმით, გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე.

კომენტარები