საგარეო ვაჭრობა

მთავრობა ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბებას გეგმავს

economy.ge

საქართველო ექსპორტის წახალისების სააგენტოს ჩამოყალიბებას გეგმავს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიური საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციის SACE-ს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრას საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრნენ. 

შეხვედრის შემდეგ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ და საჩეს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა პაოლა ვალერიომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც საპარტნიორო ფონდი, საჩესთან ერთად, სამი თვის განმავლობაში ექსპორტის სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე იმუშავებს.

ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ექსპორტის წახალისების სპეციალური ინსტიტუტი - ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო საპარტნიორო ფონდთან ჩამოყალიბდება. ყველა ის წარმოება, რომელსაც შეფასების მიხედვით ექნება პოტენციალი, გახდეს ექსპორტიორი, დაფინანსდება. ეს ეხება როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილ საწარმოებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შესაძლებელია შეიქმნას ისეთი საექსპორტო დარგები, რომელიც საქართველოში დღემდე არ არსებობს. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება ექსპორტის სუბსიდირება, უცნობია ახალი სააგენტოს ბიუჯეტიც. 

ექსპორტის დაფინანსება ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა კონკრეტულ ექსპორტიორ ბიზნესებს ფინანსურად ეხმარება, რათა საერთაშორისო ბაზარზე ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული პროდუქცია უფრო იაფი გახდეს. თუმცა ამაში მოსახლეობის ფული იხარჯება და პრაქტიკულად სუბსიდიას წარმოადგენს, რომელიც ბიზნესს ხელოვნურად უქმნის მოგებიან გარემოს და ბიუჯეტის ხარჯზე სასათბურე სიტუაციაში ამყოფებს. 

კომენტარები