სამთავრობო ცვლილებები

კუბლაშვილი: ხოკრიშვილის და შავლიაშვილის ასეთი პატივით გაშვება არასწორია

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, გამოძიება ყოფილი მინისტრების ელგუჯა ხოკრიშვილის და დავით შავლიაშვილის საქმიანობით უნდა დაინტერესდეს. მისი თქმით, ორივე ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებით კი, როგორც კუბლაშვილი აღნიშნავს, ბევრი კითხვა არსებობს.

"ეს არის ორი ინფრასტრუქტურის მინისტრი. ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ზოგადად პრობლემები ძალიან ბევრი იყო. მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია წინა წლების განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ დადო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არავის გული არ დაწყდება ამ მინისტრების შეცვლაზე. უბრალოდ, მათი ასეთი პატივით გაშვება, როცა აცხადებენ, რომ პირადი მიზეზის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდიან, არასწორია. მათ სამართალდამცველებმა უნდა მოკითხონ ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც წინა წლებში ხმაურდებოდა ინფრასტრუქტურასთან ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებით", - განაცხადა კუბლაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელიც 2014 წლის აპრილიდან ივნისამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ოჯახი დაასახელა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ, დავით შავლიაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

კომენტარები