გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაცვის მხარე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ადვოკატები უგულავას პატიმრობაში დატოვებას უკანონოს უწოდებენ. დაცვის მხარე კიდევ ერთხელ განმარტავს, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა უკვე ამოეწურა და მისი საპატიმროში დატოვებით კონსტიტუცია ირღვევა.

"დღეს უნდა მოხდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევა ჩვენი სარჩელი გიორგი უგულავას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ადვოკატი ბექა ბასილაია.

თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 2 აპრილს ამოეწურა და რადგან საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, 14 მარტს, პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა და მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციას, ასევე, ტელეკომპანია იმედის და მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების თვითმიზანია და მისთვის პატიმრობის შეფარდების უკან პოლიტიკური მოტივია. ევროპარლამენტარების შეფასებით კი, გიგი უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

კომენტარები