საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში 3.2%-ით გაიზარდა

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა
საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა. იანვარში ეკონომიკური ზრდა მინიმალური იყო და მხოლოდ ნახევარ პროცენტს შეადგენდა, თუმცა თებერვალ-მარტის მონაკვეთში ზრდის ტემპი დაჩქარდა და საშუალოდ 4.6% შეადგინა.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება. სავალუტო კრიზისის გამო წელს აშშ დოლარში გამოსახული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით $3 მილიარდით შემცირდება. სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე $612-ით შემცირდება. 

პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით მთავრობა 2015 წლის საპროგნოზე ეკონომიკური ზრდის ტემპს შეიმუშავებს. 2015 წლის ბიუჯეტით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, თუმცა ქვეყნაში შექმნილი სავალუტო შოკის გამო, მთავრობა მისი შემცირების მიმართულებით გადახედვას ფიქრობს. 

ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან ინდიკატორს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წარმოადგენს. მარტში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა წინა წელთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი. თუმცა წინა წელთან შედარებით კვლავ 8.7%-ით მცირეა ახალ საწარმოთა დარეგისტრირების მაჩვენებელი, რაც ქვეყანაში ბიზნესის მოლოდინებს კარგად აჩვენებს. ახალი საწარმოების შექმნა ბიზნესის პოზიტიურ მოლოდინზე მიუთითებს, ხოლო მისი შემცირება ბიზნესის გაუარესებულ მოლოდინებს გამოხატავს. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს დაგეგმილზე 0.3%-ით ნაკლებად, 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც მან 7.3% შეადგინა. თუკი 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2% იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ვერ მოხდება დაგეგმილი რაოდენობით გადასახადების მობილიზება, რადგანაც ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იქნება.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.

კომენტარები